პოლიტიკა
10-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
FaceBook
ამ წუთებში, ქუთაისში, 10-მა პოლიტიკურმა პარტიამ, ლოზუნგით "ძალა ერთობაშია", საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მათი გაერთიანების მიზანი "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.

"კატეგორიულად ვეუბნებით არას არაფორმალურ მმართველობას, კორუმპირებულ მთავრობას, უსამართლო სასამართლოს, არა ლარის გაუფასურებას, არა გაუნათლებლობას, კატეგორიულ არას ვეუბნებით ერთმანეთის სიძულვილს" - განაცხადა ვაშაძემ. 

გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მერობისთვის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოდა. მან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატიც ვაშაძეა, სულ 10 პარტიასა და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს. მათ შორის: “ახალი საქართველოსთვის”, “ემსახურე საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ახალი საქართველო”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

მოძრაობის ლიდერებმა პრესკონფერენცია გუშინ გამართეს და ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც გაერთიანების მიზნებსა და გეგმებს შეეხებოდა.
Print