განათლება
ჯანმრთელობისთვის საზიანო სკოლის მძიმე ჩანთები და განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა
FaceBook
6 წლის პირველ კლასელებს 7 კგ-იანი სასკოლო ჩანთის ტარება უწევთ. რის გამოც, მოსწავლეები და მშობლები სკოლის ჩანთების მძიმე წონის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ჩანთების სიმძიმის უარყოფით გავლენაზე მიუთითებენ ექიმებიც. განათლების სამინისტროში  განმარტავენ, რომ ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ელექტრონულ წიგნებს შესთავაზებენ. შესაბამისად,  მოსწავლეები სახელმძღვანელოს სახლში დატოვებას შეძლებენ და სკოლაში ელექტრონული წიგნებს გამოიყენებენ.

ნატალია ბაღიშვილის შვილი ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა, რომელსაც მშობლის თქმით, ყოველდღიურად 7 კგ წონის ჩანთის ტარება უწევს. ამიტომ მშობელმა გამოსავალი მოძებნა და ექვსი წლის ბავშვის ჩანთას თვითონ ატარებს.


მშობლები ქუთაისში შვილების ჩანთებით


"ისეთი მძიმეა ხოლმე ჩანთა მე დამაქვს ბავშის მაგივრად. შვიდ კილოს იწონის და ამაში კიდევ კომპიუტერი არ დევს. ძალიან კმაყოფილი ვიქნები ამ კუთხით თუ რამე შეიცვლება", – ამბობს ნატალია ბაღიშვილი.

ანალოგიურად ფიქრობს ამავე სკოლის მოსწავლის მშობელი, მაია ლომიძე. ნატალიას მსგავსად, ისიც ცხრა წლის შვილის ჩანთის სიმძიმის შემსუბუქებას ყოველდღიურად ცდილობს.

პირველკლასელს დღეში საშუალოდ ოთხი გაკვეთილი აქვს. ჩანთების სიმძიმეს დიდი ზომის წიგნების გარდა სხვა სასკოლო ნივთებიც განაპირობებს, რომლის ტარება მოსწავლეებს თითქმის ყოველდღე მოეთხოვებათ. ესენია: საწერკალამი, ფანქრები, საშლელი, სახაზავი, ე.წ. პენალი, კორექტორი, წებო, საშლელი, სათლელი და ასე შემდეგ. ამის გარდა, თავის მხრივ, ჩანთაც მძიმეა. 

ნევროლოგი, შორენა ხეთერელი ამბობს, რომ პატარა ასაკში დაუშვებელია ბავშვისთვის სიმძიმეები, მათ შორის სასკოლო ჩანთაც. ის ამბობს, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის დაშავები წონა  მაქსიმუმ სამი კილოგრამია. 

"ბავშვებს ზურგის ტკივილი ეწყებათ და ნელ-ნელა სქოლიოზი ვითარდება. თუ სქოლიოზი მესამე-მეოთხე ხარისხისაა, შინაგანი ორგანოები ფუნქციას ვერ ასრულებენ სრულყოფილად. ასე რომ, ეს საკითხი ამ ეტაპზე ცოტა ძნელად გადასაწყვეტია", - ამბობს ექიმი, შორენა ხეთერელი.


"ავწონეთ და 7 კგ-ია. მარტო მართლა ვერ წაიღებს ბავშვი"

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ უწყება ამ მიმართულებით მუშაობს. მათივე თქმით, გატარდა ღონისძიებები. შემუშავდა ახალი ტექნიკური პარამეტრები, განისაზღვრა კომპლექტის აუცილებელი შემადგენლობა, შემუშავდა მშობლებისა და სკოლებისათვის რეკომენდაციები ჩანთის მაქსიმალურ წონასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ზოგიერთი სახელმძღანელო დაიყოს ნაწილებად, არაუმეტეს 4 ნაწილად.

სამინისტრო, ასევე, სახელმძღვანელოების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობასაც განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებისთვის წიგნების სკოლაში ტარება სავალდებულო აღარ იქნება და ისინი ელექტრონული სახელმძღვანელოების გამოყენებას შეძლებენ.
Print