ახალი ამბები
ქუთაისში 872 ობიექტის გასხვისებაში თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფმა კანონადარღვევა "ვერ იპოვა"
FaceBook
თვითმმართველობაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც 2006-2015 წლებში, ქუთაისში გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა ნაგებობების კანონიერების საკითხი უნდა დაედგინა, კანონდარღვევა "ვერ იპოვა".

ჯგუფმა მიმდინარე წლის 25 იანვარს, ქალაქის საკრებულოს სხდომაზე, ექვსთვიანი მუშობის ანგარიში წარადგინა.

დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმაღვანელი, გია ქობალიანი განმარტავს, რომ 2006 წელს გასხვისებული ობიექტების შესწავლა ვერ მოხდა, რადგან მერიაში დოკუმენტაცია არ მოიძებნა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა 872 ობიექტის გასხვისების საკითხი შეისწავლა, რომელთა გაყიდვით ადგილობრივ ბიუჯეტში 10 მილიონამდე ლარი შევიდა.

ქობალიანის ცნობით, ქუთაისში 2007-2015 წლებში ობიექტები, ძირითადად, 50 წლიანი იჯარით და აღნაგობის უფლებით არის გაცემული. მათზე კი, უმეტეს შემთხვევაში, კვების ობიექტები და ავტოსამრეცხაოებია განთავსეული.

გია ქობალიანი ამბობს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტჯერ მიწის ნაკვეთები ნიკეას ქუჩაზე გასხვისდა.

რაც შეეხება, კანონდარღვევას, რომელიც  სამუშაო ჯგუფს უნდა "აღმოეჩინა", ქობალიანი ამბობს:

"მიწის ნაკვეთებს მიანიჭეს სკვერის სტატუსი და შემდეგ გაასხვისეს, მაგრამ გაურკვეველია, რის საფუძველზე მიანიჭეს ეს სტატუსი. არ ვუკმევ გუნდრუკს "ნაციონალებს", ამას ვერც ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ ისინი ჭკვიანები არიან და კარგადაც იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, რომ კანონი არ დაერღვიათ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ობიექტები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა უნდა გაყიდულიყო", - განმარტავს გია ქობალიანი.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ ტროტუარებისა და სკვერების გასხვისება მოქმედი მთავრობის დროსაც მოხდა.

"მივმართავთ ქალაქის ხელისუფლებას, დეტალურად შეისწავლოს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერები, გაზონები და სხვა სახის ქონება და შესაბამისი გამოყენება მოუძებნოს მას. ასევე, უკანასკნელ წლებში ქალაქი მოიცვა ე.წ. კიბის უჯრედების ბუმმა, რაც ვფიქრობთ, გაუმართლებელია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ობიეტების გასხვისებისას მოქმედებდა მხოლოდ ერთი პრინციპი – გაიყიდოს, ბიუჯეტში ფული შევიდეს და არა ქალაქის განვითარება, მისი იერსახის გაუმჯობესება და მომავლის პერსპექტივები", - ნათქვამია სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში.

მოხდება თუ არა ამ დასკვნის სასამართლოს გზით შესწავლა, ქალაქის საკრებულოში განმარტავენ, რომ ეს მერიის გადასაწყვეტია. თუმცა, გია ქობალიანის თქმით, მათ მიერ შესწავლილი ობიექტების ნაწილს პროკურატურა იძიებს და საგამოძიებო უწყებას გასხვისებული ობექტების საქმე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნამდე ჰქონდა გადაცემული.

ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ დაიწუნა. მისი განცხადებით, ის სამუშაო ჯგუფს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა.

ქათამაძის თქმით, კომისიას არა მხოლოდ თვითმმართველობის, არამედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასხვისებული ობიექტების კანონიერებაც უნდა შეესწავლა.



ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულო 800–მდე გასხვისებული ქონების კანონიერების საკითხზე ანგარიშს მოისმენს

ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი გასხვისებული ქონების საქმეებზე დასკვნას ამზადებს

ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი მუშაობას ერთ თვეში დაასრულებს


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სამუშაო ჯგუფი დატოვა

გასხვისებული ქონების საქმეები "განაჩენის" მოლოდინში (ვიდეო)


ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი-ქალაქში აღარ დარჩა სკვერი, ბაღი და თავისუფალი მიწა
Print