გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის საკრებულოში 2016 წელს მივლინებისთვის 29 980,98 ლარი დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში გასული წლის განმავლობაში სამივლინებო ხარჯებისთვის 29 980,98 ლარი დაიხარჯა.

აქედან, ქვეყნის შიგნით მივლინებისთვის 795 ლარი, ხოლო საზღვარგარეთ 29 185,98 ლარი გაიცა.

საკრებულოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ გასულ წელს სამივლინებო ვიზიტით სულ 13-ჯერ ისარგებლა. დავით დვალის მოადგილეებმა,  ნიკა ლატარიამ – ერთხელ, ხოლო ბექა ყანჩელმა 7–ჯერ.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამივე მათგანის ქვეყნის შიგნით განხორციელებული მივლინება ბიუჯეტიდან არ ანაზღაურებულა.

სამაგიეროდ, 2016 წლის 20-25 სექტემბერს დავით დვალისა და ბექა ყანჩელის სამივლინებო ვიზიტი მოსკოვში, ადგილობრივ ბიუჯეტს 7 116, 48 ლარი დაუჯდა.

"ვიზტის მიზანია მოსკოვის ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეთანხმება ქუთაისში 2017 წელს, ინფოტურის გამართვის შესახებ ტურისტულ გამოფენაში "ОТДЫХ LEISURE" მონაწილების მისაღებად", - ნათქვამია საკრებულოდან მიღებულ ოფიციალურ წერილში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი ირწმუნება, რომ შეთანხმება შედგა, რადგან მისი ინფორმაციით, ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის ახალი ობიექტის გახნაზე, მოსკოველ სტუმრებს ელოდებიან.

პირველი პირების გარდა, სამივლინებო ვიზიტებით ქუთაისის საკრებულოს უმარვლესობის წარმომადგენლებიც სარგებლობენ.

გასულ წელს კაჭრეთში, ორდღიან მივლინებაში საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით გოგისვანიძეც იმყოფებოდა.

2016 წელს ადგილობრივი კანონმდებლები სამივლინებო ვიზიტით თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, ისლამური რევოლუციის გამარჯვების 37-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაში მონაწილეობდნენ.

ასევე, მათ მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის კულტურის სახლის შენობაში გამართულ "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტის პრეზენტაციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხადარჭერით მოეწყო.

ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ, რომ ქალაქის პოტენციალის წარმოსაჩენად მივლინებები მნიშვნლოვანია.

"რაც უფრო მეტად გაიტან გარეთ შენი ქვეყნის, ქალაქის თუ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, უფრო მეტ დაინტერესებულ ტურისტს მიიღებ ქვეყანაში და ქალაქში", - განმარტავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

Print