ახალი ამბები
ქუთაისში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნება
FaceBook
საშუალოვადიანი სტრატეგიის - "ქუთაისი 2021"-ის განხილვის დროს ქალაქში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფილიალის გახსნა დააანონსეს.


ამის შესახებ, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა ისაუბრა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ქალაქის საშუალოვადიანი სტრატეგია განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს.

ქალაქის საშულოვადიანი სტრატეგია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. ის საკრებულომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაამტკიცა.

"დოკუმენტში გაანალიზებულია ქალაქის წინაშე მდგარი გამოწვევები, განსაზღვრულია ქალაქის მისია, ასევე, სტრატეგიული მიზნები, რომელთა მიღწევისთვისაც შემუშავებულია სტრატეგიული პროგრამები," – განმარტა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა.

ამის გარდა, პაატა კლდიაშვილმა ის პროექტებიც გაახმოვანა, რომლებიც როგორც მომავალი წლის ბიუჯეტის პროგრამაში, ასევე შემდგომი წლების მთავარ ფინანსურ დოკუმენტში იქნება ასახული.

"ქუთაისი 2021" შვიდ სტრატეგიულ მიზანს და ათ პროგრამას მოიცავს. მათ შორისაა, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება, რისთვისაც ქალაქის მთავრობა სპეციალურ პროგრამებს განახორციელებს.

"2021"-ის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, როგორც განათლების რეგიონული ცენტრის, მნიშვნელობის გაზრდას გეგმავს.

ამ მიზნით საშუალოვადიანი გეგმა პროექტს - "ქუთაისი - განათლებისა და ცოდნის ქალაქი" შეიცავს და მის ფარგლებში სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა დაგეგმილი.

გარდა ამისა, "ქუთაისი 2021"–ში ყურადღება გამახვილებულია სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაზე.

სტრატეგიით გათვალისწინებული პროექტებისა და პროგრამების განხილვას ქუთაისის მერია სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც გეგმავს.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა მოქალაქეებმა მიიღონ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ აპირებს ქალაქის ხელისუფლება ქუთაისის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებას და რა მიმართულებითაა მომავალში ქალაქის განვითარება დაგეგმილი.



Print