გამჭვირვალე თვითმმართველობა
SMS დღეში 100 000 აბონენტს - ქუთაისის მერიის ანგარიში მოსახლეობას
FaceBook
ქუთაისის მერია SMS შეტყობინებას ყოველდღიურად 100 000 აბონენტთან აგზავნის.
ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებს მოკლე ტექსური შეტყობინებით მოქალაქეებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

ქუთაისის მერიამ, შპს "მაგთიკომს" მოსახლეობისთვის SMS შეტყობინების გაგზვნის მოთხოვნით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს მიმართა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ ფორმით ისინი მოსახლოებას შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აბარებენ.

"მოკლე ტექსტური შეტყობინებები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესრულებული ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოების შესახებ მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის მორიგი ანგარიშის ჩაბარებას. მომავალშიც იგეგმება კომუნიკაციის ამ და სხვა ინოვაციური ფორმების გამოყენება, მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაზიარება", - განმარტავენ ქუთაისიპოსტთან ადგილობრივ თვითმმართველობაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი მერიის სმს გზავნილებში კანონდარღვევას არ ხედავს. თუმცა, აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მისი მიზანშეწონილობის საკითხი დგება.

"თუკი ეს არ არის სააგიტაციო შინაარსის შემცველი და არ არის მოხსენიებული რომელიმე პოლიტიკური პარტია, მაშინ ფორმალურად კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ ამავადროულად, შეიძლება იფიქრო, რატომ კეთდება ეს წინასაარჩევნო პერიოდში? ხომ არ ემსახურება ეს ხალხის კმაყოფილების ამაღლების ხარისხს, რომ მმართველი პარტია როგორ ზრუნავს ხალხზე? ამიტომაც, მისი მიზამშეწონილების საკითხი დგება", - განმარტავს სანტურიანი.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ირწმუნებიან, რომ SMS შეტყობინების გაგზავნას მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიც აგზავნიან.

შპს "მაგთიკომში" ქუთაისპოსტთან საუბარში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა SMS შეტყობინების გაგზავნის მომსახურება თითქმის ერთდროულად მოითხოვეს.

ქუთაისის მერიას სატელეფონო მოსამსახურებასთან დაკავშირებით, კონსოლიდირებული ელეტრონული ტენდერის შედეგად ხელშეკრულება შპს "მაგთიკომთან" აქვს დადებული.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შორის მომსახურების (საორენტაციო) ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს, თითო SMS-ის ღირებულება კი - 0.0025 თეთრს.

ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ "მაგთიკომი" ადგილობრივ თვითმმართველობას სატელეფონო მომსახურებას 2016 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 31 იანვრამდე გაუწევს.





Print