გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის ბიუჯეტიდან 61 000 ლარი ბათუმის უშიშროების შენობის ლიფტისთვის დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შუალედური უწყება, შსს-ს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო გამოიყენა

ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ლიფტი ბათუმში დაამონტაჟა, რისთვისაც 61 000 ლარი დაიხარჯა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ლიფტის დამონტაჟების ფაქტს ვერ იხსენებენ. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ლიფტი ბათუმში არსებულ უშიშროების შენობაში დამონტაჟდა, რისთვისაც ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შუალედური უწყება, შსს-ს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო გამოიყენა.
ლიფტის შესაძენად 61 000 ლარად ღირებული ტენდერი ქუთაისის მერიამ 2011 წლის 4 ოქტომბერს გამოაცხადა (შPA110025477).  სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, რომ პანორამული ლიფტის შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსათვის განხორციელდა. თუმცა, აღნიშნულ შენობაში ლიფტი დღემდე არ ფუნქციონირებს.

KutaisiPost

სატენდერო პირობების თანახმად, პანორამული ლიფტი ავტომატიზირებული, 630 კგ-იანი და 5,5 კვტ.სთ სიმძლავრის რკინის კონსტრუქცია და შუშის ფასადის სისტემა უნდა ყოფილიყო.
აღნიშნული ტენდერით ერთადერთი ბათუმში დარეგისტრირებული კომპანია შპს "გუმბათი 1" დაინტერესდა, რომელთანაც ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებას მერიის მხრიდან ხელს ქალაქის მაშინდელი მერი, გია თევდორაძე აწერს (#653, 4.11.2011).
ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯზე ბათუმში ლიფტის დამონტაჟების ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი წევრი ვერ იხსენებს, მათ შორის ქალაქის მაშინდელი მერი, გია თევდორაძეც. თუმცა, ამის მიუხედავად პოლიტიკურ პარტიაში განსხვავებული შეფასებები გაკეთდა.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესიკ ბრეგაძეც ამბობს, რომ საბიუჯეტიო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შემთხვევაში, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
"თუ ეს არის არამიზნობრივი ხარჯი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი უწყება," – აღნიშნა ბრეგაძემ.
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი დეპუტატი" გია უკლება კი ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ ბათუმში ის ადგილი, სადაც ლიფტი უნდა დამონტაჟებულიყო, ქუთაისის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა, რომელიც მაშინ შესყიდვების განყოფილების უფროსის გახლდათ, რამოდენიმეჯერ მოინახულა. უკლება აღნიშნული ფაქტის გახმაურებისთვის ქუთაისის მერს პოლიტიკურ და იურიდიულ საკითხებში გარკვეულობასაც უწუნებს.
"ლიფტი თუ გაკეთდა, გაკეთდა ბათუმში და არა ქაბულში ან ნიგერიაში. ქალაქის მერი ვერ ერკვევა პოლიტიკაში და იურისპუდენციაში, აქედან გამომდინარე შედის იმ ველში, სადაც აშკარად არაკომპეტენტურია," - აცხადებს გია უკლება.
გია უკლებას ამ განცხადებას ქუთაისი ვიცე-მერი არალოგიკურ სისულელეს უწოდებს. ნოდარ მიქ იაშვილი უარყოფს იმ ფაქტს, რომ ლიფტის დამონტაჟების ადგილი მანამდე მოინახულა. ის ამბობს, რომ ლიფტის დასამონტაჟებელი ადგილი მისთვის უცნობი იყო და მისი მონახულება სამსახურებრივ მოვალეობას არ წარმოადგენდა.
"არ ვიყავი ექსპეტი, რომ ვიცოდე სად და როგორ უნდა დამონტაჟდეს ლიფტი. არც მევალებოდა და არც ვიცოდი. წესით და რიგით არც მაგათ უნდა ცოდნოდათ იმიტომ, რომ მთავარი სამმართველოსთვის იყო ნაყიდი და ოფიციალურად ან მე, ან ვინმეს ვინმე, როგორ წავიდოდა ბათუმში," - აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი.
ქუთაისის ბიუჯეტით ლიფტის დამონტაჟების საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ ბათუმის მერიაში. ტელეკომპანია "აჭარის" ეთერში ბათუმის მერიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი 2011 წელს და არც შედმგომ წლებში არ დაფიქსირებულა.
იმ დროს, როცა ქუთაისის მერია ბათუმის უშიშრობეას პანორამულ ლიფტს ჩუქნიდა, ბათუმის ბიუჯეტი ქუთაისის ბიუჯეტს 150 მილიონით აღემატებოდა. ზღვისპირა ქალაქის ბიუჯეტი 209 მილიონი ლარი იყო, ხოლო ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 59 მილიონ ლარს შეადგენდა.

დეა მანაგაძე

Print