ახალი ამბები
"ეს არის დაცინვა" - პოლიტიკური პარტიები სააგიტაციო ადგილების სიმცირეს აკრიტიკებენ
FaceBook
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განმარტებით, ადგილობრივი თვითმართველობა საარჩევნოდ არათანაბარ პირობებში აყენებთ.

ქუთაისში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მერიის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი ადგილების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თვითმმართველობამ ქალაქის ტერიტორიაზე აგიტაციის ჩატარება მხოლოდ ორ ობიექტზე დაუშვა. ამ მიზეზის გამო, ოპოზიციური პარტიების წარმოადგენლებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი თვითმართველობა საარჩევნოდ არათანაბარ პირობებში აყენებთ.

"ეს არის დაცინვა. განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიების, მაგრამ ეტყობა, მერს მეტი ადგილის გამოყოფის ნება არ ჰქონდა ზევიდან მიღებული. თუმცა, მაინც ნუ ექნება მმართველ გუნდს მოგების იმედი", - განმარტავს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, დავით გოგისვანიძე.

"ეს არის ქალაქის მერიის უმსგავსობა და თავხედობა. შეუძლიათ თავად დაიტოვონ ეს ადგილებიც, ამის გარეშეც შევძლებთ ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია. ჯობია, რომ შეეშვან ვითომ დეკმოკრატიას", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვნელი, გოგი წულია.

"რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი ადგილი ყოფილიყო გამოყოფილი. ეს რეგულაცია ვრცელდება თავად მმართველ პარტიაზე თუკი, ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენეს და ამას ნამდვილად გავაკონტროლებთ", - ამბობს ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი.

შეფასებისგან თავს იკავებს მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი. მისი განმარტებით, მოძრაობა ამ ეტაპზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკურ პარტიად არ არის რეგისტრირებული.

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ "ქართული ოცნების"ადგილობრივ ორგანიზაციაში, სადაც განმარტავენ, რომ მერიის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი შენობები საკმარისია და ყველა პარტიას თანაბარი პირობები ექნებათ.

"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ეჭვები აქვთ იმათ, ვისაც ამის გამოცდილება ჰქონდა წლების განმავლობაში. 2012 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა ასეთი შემთხვევა", - ამბობს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია.

ადგილობრივ თვითმმართველობებს საარჩევნო აგიტაციისთვის შენობა-ნაგებობების გამოყოფას "საარჩევნო კოდექსი" ავალდებულებს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, გასულ წლებში პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის ობიექტები საერთოდ არ ჰქონდათ გამოყოფილი.

თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ  საარჩევნო სუბიექტებს ქუთაისში სამი შენობა გამოუყო.

"წლევანდელი ვარიანტი მართლა კარგია. "ნიღბების თეატრი" მოწყობილი და გარემონტებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა პარტიას შეუძლია შეკრება, მაგრამ იქნება გრაფიკი. პარტია მომართავს საარჩევნო კომისიას რა დღეს სურს შეკრება, რომ წინასწარ ვიცოდეთ და ერთმანეთს არ დაემთხვნენ", - ამბობს ქუთაისი #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.

მისივე თქმით, წინა წლებში პოლიტიკური სუბიექტები აგიტაციისთვის გამოყოფილ შენობებს ნაკლებად იყენებდნენ.

ქუთაისში ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო აგიტაციის გაწევა ე.წ ხარაზოვის ბაღში არსებულ "ნიღბების თეატრის" შენობასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ტერიტორიაზე შეუძლიათ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ სამართლებრივი აქტი მიმდინარე წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა. სწორედ, ამ დროიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

Print