გამჭვირვალე თვითმმართველობა
დარღვევები ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში
FaceBook
"გამომრჩა, რამდენი წელია მას მერე და არც მახსოვდა."


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემების სიზუსტის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ტყიბულის გამგეობაში მაღალი თანმდებობის პირებს და საკრებულოს წევრებს დეკლარაციები არასწორად აქვთ შევსებული.

კერძოდ, საუბარია ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეზე. თამაზ კუბლაშვილი 2013-2014 წლებში გამგებლის მოადგილის თანამდებობა ასრულებდა.

"კუბლაშვილის მეუღლე, ნაირა ბოგვერაძე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 1 იანვრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა ეს ინფორმაცია კუბლაშვილს 2013 წლიდან დღემდე შევსებულ არცერთ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს," - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში.

არასწორად შევსებული დეკლარაცია აქვს ასევე, ტყიბულის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეს, თემურ ძაგნიძეს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ძაგნიძე 2007 წლის 28 ივნისიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა ეს ინფორმაცია 2014 - 2015 წლების დეკლარაციებში აღნიშნული არ აქვს.

2005 წლის 24 ნოემბრიდან ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ალეკო ფანჩულიძეც. ფანჩულიძეს ეს ინფორმაცია მითითებული აქვს 2014 წლის მონაცემებში, თუმცა 2015 წლის დეკლარაციაში უკვე აღარ აქვს აღნიშნული.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ ქუთაისიპოსტი ტყიბულის მინუციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ კუბლაშვილს დაუკავშირდა. კუბლაშვილის განცხადებით, მას დეკლარაციის შევსების დროს მეუღლის ინდ.მეწარმის შესახებ ინფორმაცია დაავიწყდა.

"გამომრჩა, რამდენი წელია მას მერე და არც მახსოვდა შემოსავალი დავფარე თუ რა გავაკეთე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" რად უნდა მაგას, როცა არსებობს კანონი," - აცხადებს ტყიბულის მინუციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი.


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს გამოიძიოს ზემოთ აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო შემთხვევები, ხოლო ტყიბულის მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირებს მიუთითებს მეტი ყურადღება დაუთმონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შევსებას და მიუთითონ სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
Print