გამჭვირვალე თვითმმართველობა
24-საათიანი წყალმომარაგება ქუთაისში - პროექტი აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის განვითარებისთვის გასცემენ.


ქუთაისის მოსახლეობას დღეს რომ უწყვეტი წყალმომარაგება მიეწოდება, სწორედ ჩვენი დონორი ორგანიზაციის დამსახურებაა.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიამ, ქუთაისში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები 2015 წელს დაიწყო.

პროექტი სატუმბო სადგურების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის (332 კმ) მშენებლობას ითვალისწინებდა. 

წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა 2020 წლის მარტში დაასრულა. პროექტის ფარგლებში, გოდოგანზე ორი, მუხნარში კი ერთი რეზერვუარი აშენდა. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ. წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი. შედეგად, ადგილობრივებს მრავალი წლის მანძილზე არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდათ. 

ქალაქის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მაცხოვრებელი 24-საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 92 მილიონ 961 717 ლარით დაფინანსდა.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა.  პირველი მოსმენით კი, 17 აპრილს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.

Print