გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისში, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი - მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსდა
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის განვითარებისთვის გასცემენ.


ქუთაისს, რომ დღეს ახალი ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი აქვს, სწორედ  საერთაშორისო დონორების დამსახურებაა.

ქალაქს ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაუფინანსდა, სამუშაოები კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრს, ხოლო სიგანე 25 მეტრს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.

ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში დაიწყო და ჯამში 13.6 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს თანხა ქალაქს აზიის განვითარების ბანკმა მისცა.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
Print