გამჭვირვალე თვითმმართველობა
საცოცი კედელი ქუთაისში - საქართველო - ევროკავშირის ერთობლივი პროექტი
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის განვითარებისთვის გასცემენ.


ქუთაისში საცოცი კედლის მოწყობა, მოყვარულების 12-წლიანი თხოვნის შემდეგ, მხოლოდ საქართველო - ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოხერხდა.

კუპრაძის ქუჩაზე მდებარე შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რთული ცოცვის კედელი და კალათბურთის დარბაზი მოეწყო.

ამასთან, შენობა აღიჭურვა უსაფრთხოების ლეიბებით, შეიცვალა გადახურვა, კარ-ფანჯარა, ასევე წყალმომარაგებისა და ელექტროობის სისტემები.

ეს ყველაფერი სწორედ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა. 

კერძოდ, პროექტი 700 000 ლარზე მეტი დაჯდა და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით დაფინანსდა.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
Print