გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოსახლეობის მოწვევით არასოდეს ჩატარებულა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომები უფრო მეტი ტარდება, ვიდრე  რეგლამენტით განსაზღვრული, რიგითი  სხდომები. მიმდინარე წლის მონაცემებით, ჩატარდა მხოლოდ  ერთი რიგით სხდომა (20.02), ხოლო რიგგარეშე სხდომა ოთხჯერ გაიმართა.    ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს იურისტის, დავით ბენიძის განმარტებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომების  მოწვევის საკითხი "თვითმმართველობის შესახებ" კოდექსით და ასევე, საკრებულოს დებულებით  არის დარეგულირებული. იურისტი ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომების ჩატარების რაოდენობა არც ერთ შემთხვევაში შეზღუდული არ არის.
"კანონის მიხედვით არ არის აუცილებელი და ვალდებულება მაინცდამაინც რიგითი სხდომა ჩატარდეს. თუკი არის საჭიროება და აუცილებელია რიგგარეშე  სხდომები იქნას მოწვეული,  ასეც ხდება", - ამბობს საკრებულოს აპარატის იურისტი. 
"ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ" კოდექსის თანახმად, რიგგარეშე სხდომები, თვითმმართველი ქალაქის პირველი პირის, საკრებულოს თავმჯდომარის,  საკრებულოს დეპუტატებისა და ასევე,  მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოიწვევა. 
საკრებულოს აპარატის იურისტი ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომები ძირითადად საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერის მოწვევით იმართება.  
"ჩვენთან არასოდეს ჩატარებულა საკრებულოს სხდომები მოსახლეობის მოწვევით", - აღნიშნავენ  ქუთაისის  საკრებულოს აპარატში.
აპატარის იურისტის განმარტებით, რიგგარეშე სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რიგით სხდომებზე: 
"რატომღაც გონიათ, რომ რიგგარეშე სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილება უფრო ნაკლებია, ვიდრე რიგით სხდომებზე. ეს არ არის  ნამდვილად სწორი,", - ამბობს დავით ბენიძე.
ქუთაისის საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაცით, გასულ წელს სულ 15 სხდომა ჩატარდა. აქედან, 6 რიგითი სხდომა გაიმართა, ხოლო 9  - რიგგარეშე.

თეკლე მორგოშია
Print