ახალი ამბები
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შევიდა
FaceBook
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შედეგად დამატებული 7 მილიონ ლარამდე, გასული წლის ბიუჯეტში  დარჩენილი ნაშთია.
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შევიდა.

6 მილიონ 723 500 ლარის ცვლილება დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. როგორც ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ განმარტა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შედეგად დამატებული 7 მილიონამდე ლარი, გასული წლის ბიუჯეტში  დარჩენილი ნაშთია.

კერძოდ, გასულ წელს, ადგილობრივ ბიუჯეტში რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონ 252 200 ლარი დარჩა, საკუთარი სახსრებიდან  3 მილიონ 831 300 ლარი, ხოლო დანარჩენი სხვა ხარჯებიდან თუ პროგრამებიდან.

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ნაშთის სახით დარჩენილი თანხები განუხორცილებელ პროექტებს არ ნიშნავს.

"ეს ის თანხებია, რომელთა გადარიცხავა ვერ მოხერხდა გასულ წელს. რაც არანაირი პრობლემა არ არის", - განუმარტა მურღულიამ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს.

ცვლილებების შედეგად, გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებს, მათ შორის 350 ორმოულ გზებს - 2 მილიონ 226 500 ლარი დაემატა, მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაციას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გადაადგილებისათვის პანდუსების მოწყობას -  266 600 ლარი, საბავშვო ბაღების კაპიტალურ შეკეთებას - 342 600 ლარი, პროგრამა "კორპუსს" - 342 200 ლარი, სოციალურ ღონისძიებებს 45 000 ლარი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის პროგრამას - 5 000 ლარი.

მურღულიას განმარტებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში მიღებული ახალი წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს 5%–იანი თანადაფინასება მოეთხოვებათ, რის გამოც დაჩქარებული ტემპით მოხდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას დასაფინასნებელი პროექტების ნუსხის შედგენა მოესწრო მთავრობის სხდომის ჩატარებამდე, რომელიც მურღულაის თქმითვე, მომავალ კვირას არი ჩანიშნული.

Print