გამჭვირვალე თვითმმართველობა
სკვერები, ატრაქციონები, ძელსკამები - როგორ ემზადება ქუთაისის მერია საარჩევნოდ
FaceBook
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ქუთაისის მერია ამომრჩევლის გულის მოგებას გასართობი და სპორტულ - გამაჯანსაღებელი პროექტებით ცდილობს.

მხოლოდ აგვისტოში, მუნიციპალიტეტმა  9 სკვერის მოწყობა, 7 ატრაქციონის მონტაჟი, 13 სპორტული ტრენაჟორისა და 224 ძელსკამის შეძენა გადაწყვიტა. ყველა ეს პროექტი ბიუჯეტს 1 500 000 ლარი უჯდება.

წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი პროექტებისთვის თანხის ხარჯვას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს ოპოზიცია. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერია ცდილობს საქმის კეთების ილუზია შექმნას.

"რა თქმა უნდა, ეს არის წინასაარჩევნო გათვლა. იციან, რომ ხალხს აღარ სჯერა მათი და ასე ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ ვითომ რამე კეთდება. არჩევნების დასრულების შემდეგ ამ პროექტების უმრავლესობა აღარავის ემახსოვრება, ისევე, როგორც დაივიწყეს ასსაფეხურიანი კიბე, რიონისპირა სახლები და სხვა დაპირებები. ერთადერთი, რაც ამ პროექტებით გაკეთდება, არის ფული, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გააკეთებენ", - აცხადებს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიამ, რომელიც ერთ თვეში 1 500 000 ლარს ძელსკამებისა და ტრენაჟორებისთვის ხარჯავს, სამ წელზე მეტია ბიუჯეტში ვერ გამონახა თანხა ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის, რომლის დაპირებაც ჯერ კიდევ ყოფილმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ გასცა. მერია ყოველ წელს პირობას დებს, რომ პროექტს განახორციელებს, თუმცა, წლების შემდეგაც სამუშაოების დასაწყებად ფული არ აქვს.
Print