გამჭვირვალე თვითმმართველობა
პანდემიის გამო შეჩერებული ინფრასტრუქტრული პროექტები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
პანდემიის გამო, ქუთაისის მერიამ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ, სამუშაოების ვადა ექვსი კვირით გადაუვადა.

შესაბამისად, პროექტების დასრულების დრო ზუსტად ამდენი ხნით გადაიწევს. პანდემიის გამო ქუთაისში შვიდი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები შეჩერდა. ათეულობით ობიექტზე რეკონსტრუქციის პროცესი თითქმის ორი თვის განმავლობაში იყო შეფერხებული.

ხუთი მაისიდან კომპანიებს მუშაობის უფლება მიეცათ, თუმცა, ყველა მათგანს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა მოუწევს.

სულ მცირე, ერთი თვით გადაიწევს ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობის პროექტი, ასევე, სახელოვნებო და სპორტული სკოლების რეაბილიტაცია, გათვალისწინებულზე გვიან დასრულდება სამუშაოები რუსთაველის, ასათიანის, ნინოშვილის, ბესიკის, ბერი თედორეს, გამსახურდიასა და კიდევ 30–მდე ქუჩაზე. ვადაში გახანგრძლივდება სხვა პროექტებიც.



ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიებს ზუსტად ის დრო გადაუვადდათ, რაც პანდემის გამო დაწესებული შეზღუდვებით იყო გამოწვეული. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი ირწმუნება, რომ პროექტების განხორციელებას ხელი არ შეეშლება, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ რომელიმე პროექტი დათქმულ ვადაში ვერ შესრულდეს.

"ყველა კომპანიას 6 კვირით გადაუვადდა სამუშაოები, რაც იყო ობიექტური მიზეზებით გამოწვეული. ამ ეტაპზე არ არსებობს გარემოება, რის გამოც შეიძლება მათ ვერ დაასრულონ დათქმულ დროში პროექტები, თუმცა, თუ ერთეულ შემთხვევებში გახდა ამის საჭიროება, მაგალითად, ეს იქნა დაკავშირებული მასალის შეძენასთან, რა თქმა უნდა, განიხილება ვადის გაზრდა",– ამბობს მირზა ხიდაშელი.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქუთაისში გადათხრილი ქუჩები განსაკუთრებულ დისკომფროტს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. მართალია, წელს ადგილობრვებს ტურისტების მოლოდინი ნაკლებად აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ როცა კვების, სავაჭრო და გასართობი ობიექტები გაიხსნება, მოუწესრიგებელი გზის საფარი მათ ეკონომიკურ საქმიანობას ხელს შეუშლის.

"ისედაც უდიდესი ზარალი ვნახეთ ამ თვეებში. გადათხრილი გზების გამო საერთოდ ვეღარ მოვახერხებთ მუშაობას. ხალხი ხომ უნდა მოვიდეს მაღაზიამდე?", –ამბობს ერთ–ერთი სასურსათ მაღაზიის მეპატრონე ილია გეგეჭკორი.



ბოლო წლების მსგავსად ქუთაისი ზაფხულს წელსაც გადათხრილი გზებით შეხვდება, თუმცა, ამჯერად პანდემიის გამო. ამავე მიზეზით, ქალაქში ტურისტებსაც არ ელოდებიან.

Print