გამჭვირვალე თვითმმართველობა
უკმაყოფილო ხელისუფლება სამტრედიაში - მუნიციპალიტეტის ერთი წელი კრიტიკის ფონზე
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტში უმრავლესობის წარმომადგენლები ბოლო ერთი წლის მუშაობას არადამაკმაყოფილებლად აფასებენ. სამტრედიის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშოების მიმდინარეობა მაინც არადამაკმაყოფილებელია.

სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, გზების მოწყობა, საბავშო ბაღების სარემონტო სამუშაოები და სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემავალ თემებში დამეწყრილი ზონების გამაგრებითი სამუშაოები - ეს ის ძირითადი სამუშაოებია, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
"მართალია, ბევრი რამე გავაკეთეთ, ისეთი სამუშაოებიც კი რომელზეც წლების განმავლობაში ხელიც კი არ იყო დაკარებული, მაგრამ მე მაინც უკმაყოფილო ვარ. ყველაზე მეტად მე მინდა სამტრედიაში უფრო მეტი საქმე გაკეთდეს," - ამბობს ვალერი ფოცხვერია.
ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, პრეტენზიები და შენიშვნები აქვს საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელს. "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის ორგანიზაციის წარმომადგენლის, საკრებულოს წევრის, ემზარ შუბლაძის განმარტებით, სამტრედიაში სამუშოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. "ნაციონალი" დეპუტატი ირწმუნება, რომ ის სამუშოები,რომელიც ამ ეტაპზე სამტრედიაში მიმდინარეობს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო.სამუშოების დაგვიანებით დაწყების თავიანთი ვერსია აქვს ოპოზიციონერ დეპუტატებს.
"იმის გამო, რომ ერთი წლის წინ ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ჩვენი პარტია იყო, ამიტომ არ გახორციელდა ის სამუშოები, რომელიც დაგეგმილი გვქონდა. იყო შემთხვევები, როცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ პროექტებისთვის გათვალისიწნებული თანხები უკან გაითხოვა," - განმარტავენ "ნაციონალურ მოძრაობაში."
***
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროეტებისთვის რეგიონული განვითარების ფონდოდან 2 მლნ 445 700 ლარია გამოყოფილი. სამტრედიის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას ინფორმაციით, ამ დროითვის დასრულებულია გზების ასფალტო-ბეტონით მოპირკეთების და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, რისთვისაც საერთო ჯამში, 320 000 ლარია დახარჯული.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 13 მლნ 125 900 ლარს შედგენს. აქედან, სოფლის მხარდაჭერის პროექტებისთვის 706 300 ლარია გამოყოფილი, სტიქიით დაზარალებულებისთვის კი - 1 400 000 ლარი.

XXX
სამტრედიის მუნიციპალიტეტაში ამ დროისთვის კონკურსი დასრულებულია. ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსი გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდა. კონკურსის შედეგების მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა 90% ახალი კადრია, მხოლოდ 10% - ძველი თანამშრომლები.
სამტრედიის თვითმმართველობაში პირველ ეტაპზე კონკურსი/ატესტაცია, მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირებისთვის ჩაატარდა. ატესტაცია გამგეობის 39-მა თანამშრომელმა გაიარა, საიდანაც მხოლოდ ერთმა ვერ შეძლო მისი წარმატებით გავლა. ასევე, ატესტაცია შეეხო საკრებულოს 4 თანამშრომელს.
რაც შეეხება, კონკურსის მეორე ეტაპს, ვაკანსია 48 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. აქედან, კონკურსის მეორე ეტაპი 45-მა ადამიანმა გადალახა.
საერთო ჯამში, კონკურსის შედეგად, მუნიციპალიტეტის გამგეობაში 147 ადამიანი დასაქმდა. ასევე, 9 თანამშრომელი ჰყავს საკრებულოს აპარატს, ხოლო გამგეობაში ხელშეკრულებით აყვანილია 13 თანამშრომელი.
სამტრედიის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კონკურსს გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებულად მიიჩნევენ. სამტრედიის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას თქმით, კონკურსში მონაწილე ოთხმა ადამიანმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა, რის გამოც საკრებულოში შექმნილ საპრეტენზიო კომისიას მიმართეს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის -"სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში , ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" პოზიციას.
"ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"


თეკლე მორგოშია
Print