საქართველოს 120 მლნ დოლარს გამოუყოფენ
FaceBook
საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ორ საფინანსო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც 120 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოყოფილი თანხა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის, ასევე ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
ხელშეკრულებებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძეც ესწრებოდა.
როგორც ფინასთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ხელშეკრულებები ორ სფეროს მოხმარდება, ესენია - საჯარო და კერძო სექტორი.
"ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია, შესაბამისად, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება მიმართული და ხორციელდება რეფორმები საჯარო ფინანსების მართვის, ჯანდაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბების, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის მიმართულებით. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. და ა.შ. აღნიშნული ხელშეკრულებები უკვე წარედგინება საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის, ამის შემდეგ, დაახლოებით, 2 კვირაში ალბათ, ჩვენ უკვე მივიღებთ აღნიშნულ თანხებს", - განაცხადა ხადურმა.

interpressnews.ge
Print