ქუთაისში წიგნებისა და ჟურნალების გამოცემაზე ბიჯეტიდან 10 450 ლარი დაიხარჯება
FaceBook
მიმდინარე წელს ქუთაისელი ავტორების წიგნების კრებულების და ჟურნალების გამოსაცემად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 450 ლარი დაიხარჯება. მერიამ წიგნებისა და ჟურნალების გამოსაცემად წელს ტენდერი აპრილის თვეში ოთხჯერ გამოაცხადა, რომელთაგან დასრულებული, ჯერჯერობით, მხოლოდ ორია.
ქუთაისის მერიამ სპორტის მუზეუმის დირექტორის, ზურაბ ჯავახაძის ავტორობით გამოსაცემი წიგნის - "შავი ავაზა" დაბეჭდვისათვის 1750 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. წიგნი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონის, თეიმურაზ აფხაზავას სპორტულ მიღწევებს ეძღვნება.
ზურაბ ჯავახაძის "შავი ავაზას" გამოცემას შპს "ხომლი ენ" უზრუნველყოფს. კომპანიას, რომლის დირექტორიც ელგუჯა თავბერიძეა, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა წინა წლებშიც მიუღია. მაგალითად, 2014 წელს შპს "ხომლი ენ"-მა ქუთაისის მერიას 6990 ლარის ბეჭდვითი მომსახურება გაუწია.
აღნიშნული კომპანია, ასევე, განახორციელებს ქუთაისის სპორტის მუზეუმის დირექტორის, ზურაბ ჯავახაძის წიგნის "ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოში" გამოცემის სახელმწიფო შესყიდვას, რაშიც მერია 2200 ლარს გადაიხდის.
ტენდერი არ დასრულებულა 500 ცალი ჟურნალ "მერმისის" ბეჭდვით მომსახურებაზე, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1500 ლარია გათვალისწინებული. ჟურნალის 350 ეგზემპლარი "მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნულ აკადემიას" გადაეცემა, რომელსაც მწერალი თეიმურაზ ლანჩავა ხელმძღვანელობს.
ყველაზე ბოლოს მერიამ ცირა შალაშვილის ორტომეულის გამოცემის ტენდერი გამოაცხადა. თითოეული ტომის 300 ეგზემპლარის გამოცემის სავარაუდო შესყიდვა 5000 ლარს შეადგენს. სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით გამარჯვებული ვალდებულია გამოცემული წიგნებიდან 90 ცალი მერიას მიაწოდოს, ხოლო დანარჩენი თავად ავტორს.
დეა მანაგაძე

Print