აქციზური გადასახადი ადგილობრივ და იმპორტირებულ ლუდზე - რას ითხოვენ მეწარმეები
FaceBook
ერთ ლიტრზე აქციზური გადასახადი 50%-ით გაიზარდა და 60 თეთრს შეადგენს.




ლუდზე აქციზის შემცირების საკითხის განხილვა, რომელიც საქართველოს მთავრობის ეკონიმიკურ საბჭოს მიერ გასულ კვირას იყოს დაგეგმილი, ამ დრომდე არ მომხდარა. ლუდზე აქციზის შემცირების მოთხოვნით მთავრობას თბილისში მოქმედი ლუდის ინდუსტრიის წამომადგენლები მიმართავდნენ.

ქუთაისში ლუდის მწარმოებელ კომპანია "აია"-ში  მთავრობას აქციზის გადასახადის შემცირებასთან ერთად, იმპორტირებულ ლუდზე გადასახადის ზრდას ურჩევენ.

დღეისთვის საქართველოში წარმოებულ ლუდზე აქციზური გადასახადი ლიტრაჟობით განისაზღვრება. გასული წლის მარტიდან ერთ ლიტრზე გადასახადი 50%-ით გაიზარდა და 60 თეთრს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკური საბჭო ცვლილების საკითხს განიხილავს, შესაძლოა, აქციზის გადასახადი გრადუსობით განისაზღვროს და 1 გრადუსზე 10 თეთრი გახდეს.

"აიას" მფლობელი ამბერკი დვალიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მაღალალკოჰოლიანი კლასიკური ლუდის წარმოება არ ხდება, რის გამოც გრადუსობით აქციზის განსაზღვრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ლუდსახარშის ხელმძღვანელის განმარტებით, მაღალალკოჰოლიან ლუდზე ქვეყანაში მოთხოვნა არც ისე მაღალია და შესაბამისად, მისი წარმოება მომგებიანი არაა.

ამბერკი დვალიშვილის ვარაუდით, თუკი აქციზზე გადასახადი შემცირდება, ამით ლუდის გაიაფება არ მოხდება.

"ლუდი არ შეიძლება ღირდეს იაფი. აქციზის გაიაფება არ ნიშნავს იმას, რომ ლუდი გაიაფდება. თუ ფასის შემცირებაზეა საუბარი, ჯობია სახელმწიფომ იმპორტირებულ პროდუქტზე გაზარდოს აქციზის გადასახადი და ჩვენ შემცირებული დაგვიტოვოს. ამით მეტად იხეირებს მეწარმე და არა შემომტანი. მეწარმე, ამ მხრივ, შემომტანზე მეტად დაჩაგრულია. ჩვენ საქართველოში შემოგვაქვს მხოლოდ ის ნედლეული, რომლისგანაც მზადდება ლუდი," - ამბობს ამბერკი დვალიშვილი.

ლუდსახარში "აიას" მფლობელი მიიჩნევს, რომ იმპორტირებულ ლუდზე ფასების მომატებით, ადგილზე წარმოებული ლუდის რეალიზაცია გაიზრდება და შესაბამისად, მეწარმესთან ერთად, სახელმწიფოც იხეირებს.

სამაგიეროდ, იმპორტირებულ ლუდზე გადასახადის ზრდა ეკონომიკურად გაუმართლებლად მიაჩნიათ ეკონომიკის ექსპერტებს. "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ იმპორტირებულ ლუდზე გადასახადის მომატება ლუდის გაძვირებას გამოიწვევს და შესაბამისად, დაზარალდება მომხმარებელი.

"ახალგაზრდა ეკონომისტები" გამართლებულ ნაბიჯად არც საქართველოში წარმოებულ ლუდზე აქციზის შემცირებას მიიჩნევენ.

"ლუდზე აქციზის შემცირება დადებითად აისახება ლუდის მწარმოებელთა ფინანსურ ნაკადებზე, გაზრდის მწარმოებელთა შემოსავლებს, თუმცა ნეგატიურად აისახება ბიუჯეტის შემოსავლებზე, რადგან გადასახადის შემცირების შედეგად ბიუჯეტში შემოსავლები მოიკლებს," - განმარტავს "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ეკონომისტი, ალექსანდრე ოყრეშიძე.

მთვარობის ეკონომიკური საბჭოს მიერ კვლავ დაიგეგმება თუ არა საქართველოში წარმოებულ ლუდზე აქციზის შემცირების საკითხის განხილვა,  გარკვეული არ არის. როგორც საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, უცნობია თუ როდის მოხდება საბჭოში ამ საკითხის განხილვა.


Print