1 ლარად მოგებული ტენდერები ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში
FaceBook
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვაზე 11 ელექტრონული ტენერდერი გამოაცხადა.



ააიპ ქუთაისში ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ საკვები პროდუქტების მომსახურებაზე გამოცხადებულ 11 ელექტრონული ტენდერიდან, უმეტესობაში გამარჯვებულებმა ერთი ლარით მოიგეს. საუბარია ელექტორნულ ტენდერებში მონაწილე იმ სუბიექტებზე, რომელებმაც კონკურენტებზე ერთი ლარით ნაკლები შეთავაზება წარმოადგინეს.

მაგალითად, ერთი ლარით მოგებულ კომპანიათა შორისაა ინდმეწარმე მიტუშა შალამბერიძე, რომელიც ააიპ გაერთიანების მიერ 2016 წლის 4 იანვარს გამოცხადებულ ხორბლის ფქვილის, შვრიის ფანტელის და მანანის ბურღულის შესყიდვაში (SPA160000083) გამარჯვებულად გამოვლინდა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 23 400 ლარი გახლდათ. თუმცა, ინდმეწარმემ 19 999 ლარი მოითხოვა, რაც ერთი ლარით ნაკლებია, ამავე ტენდერით დაინტერესებული, შპს "ალატის" მიერ წარმოდგენილ თანხაზე. (20 000 ლარი)

გარდა ამისა, ტენდერში კიდევ ერთი კომპანია შპს "ჯი სი აი ჯორჯია" იღებდა მონაწლეობას, რომელმაც საკვები პროდუქტების შესყიდვის ტენდერში 22 908 ლარი მოითხოვა.

საჯარო რესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ინდმეწარმე მიტუშა შალამბერიძის დარეგისტრირების თარიღი 2014 წლის 11 აპრილია.

გასული წლიდან ამ დრომდე, ინდმეწარმე მიტუშა შალამბერიძეს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ 5 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან გამარჯვებულად სამ მათგანში გამოცხადდა.

გამარჯვებულ ტენდერებში მიტუშა შალამბერიძეს ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტიდან სულ 62 236 ლარი აქვს მიღებული.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმ კომპანიებს შორის, რომელსაც ერთი ლარით აქვთ მოგებული ტენდერები, ასევე ფუგურირებს შპს "ჯი სი აი ჯორჯია". კომპანიამ ერთი წლის მანძილზე ბაგა-ბაღები შაქრით, კაკაოთი და მაკარონის პროდუქტებით უნდა მოამარაგოს, რისთვისაც გაერთიანების ბიუჯეტიდან 144 999 ლარს მიიღებს.

გაერთიანებამ აღნიშნული შესყიდვისთვის 181 500 ლარად შეფასებული ტენდერი 2015 წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა (SPA150035913). შპს "ჯი სი აი ჯორჯიას" კონკურენტი ამ შემთხვევაში ქუთაისში დარეგისტრირებული კომპანია "თეგა ქუთაისი" გახლდათ, რომელმაც 145 000 ლარი მოითხოვა. თუმცა, "ჯი სი აი ჯორჯიამ" კონკურენტს ერთი ლარით მოუგო.

შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით შპს "ჯი სი აი ჯორჯია" გამარჯვებულად გასული წელს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიაების მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერშია გამოვლენილი. საერთო ჯამში სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდებისთვის კომპანიას 40 170 ლარი აქვს მიღებული.

ერთი ლარით მოგებულ კომპანიებს შორისაა შპს "სოსი", რომელიც გაერთიანების მიერ ტენდერის გამოცხადების შემდეგაა დარეგისტრირებული.

რაფინირებული ზეთის შესყიდვის ტენდერში (SPA160000723), რომელიც გაერთიანებამ მიმდინარე წლის 11 იანვარს გამოაცხადა, გამარჯვებულად შპს "სოსი" გამოვლინდა.

რაფინირებული ზეთის შესყიდვის ტენდერში, რომლის საწყისი ღირებულება 47 848 ლარი გახლდათ, ახლად დარეგისტირებული კომპანია ორ დაინტერესებულ ფირმას შორის გამარჯვებულად გამოვლინდა. შპს "სოსიმ" კონკურენტ ფიზიკურ პირზე, ნიკა გურგენიძეზე 1 ლარით ნაკლები (41 500 ლარი) შეთავაზება წარმოადგინა და საბოლოოდ, პროდუქტის მიწოდებაში 41 499 ლარი მოითხოვა.

საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კი ირკვევა, რომ შპს "სოსი"-ს რეგისტრაციის თარიღი 2016 წლის 14 იანვარია.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, გასული წლის 24 დეკემბრიდან ამ დრომდე, სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვაზე 11 ელექტრონული ტენერდერი გამოაცხადა.
Print