მინიმალური ხელფასი საქართველოში - გვინდა თუ არ გვინდა
FaceBook
მასალა მომზადებულია ქუთაისიპოსტის პარტნიორი მედიის, JAMnews-ის მიერ

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი
თბილისი



აქართველოში
დღემდე კამათის საგანია, კანონით უნდა განისაზღვროს თუ არა მინიმალური ანაზღაურება. კანონით, მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში 20 ლარია. ეს ჩანაწერი კანონში 90-იანი წლების ბოლოდან არსებობს, მას შემდეგ არავის შეუცვლია და სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან, რეალურად, თვეში 20 ლარად არავინ მუშაობს.

მემარცხენე შეხედულების ადამიანებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია არსებობდეს ფიქსირებული ადეკვატური მინიმალური ხელფასი. ეს მათი აზრით, დასაქმებულთა ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს და დამსაქმებელთა მხრიდან მათ ჩაგვრას არ დაუშვებს.

ეკონომისტთა უმრავლესობა ამ იდეას სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით, ხელფასის განსაზღვრაში ხელოვნური ჩარევა კონტრპროდუქტიული იქნება და უმუშევართა რაოდენობას გაზრდის.

მინიმალური ხელფასი მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

მინიმალური ხელფასი, როგორც წესი, საათობრივად განისაზღვრება და ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იგი საათში 10 დოლარს აჭარბებს.




საქართველოში მინიმალურ ხელფასად საათში 10 ლარიც რომ დაწესდეს (თითქმის სამჯერ ნაკლები), 40 საათიანი სამუშაო კვირის გათვალისწინებით, თვეში 1730 ლარი გამოდის. ამ თანხის გადახდა ბევრ დამსაქმებელს, განსაკუთრებით რაიონებში, ფიზიკურად არ შეუძლია, და ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის მინიმალური ხელფასის დაფიქსირების მომხრეებიც. მაგალითად, თონე ან უბნის მაღაზია ნამდვილად ვერ მისცემს ასეთ ხელფასს თავის თანამშრომელს.

თუმცა, მინიმალური ხელფასის მომხრეებისთვის კომპრომისულ ვარიანტად ისეთი კანონის მიღება განიხილება, რომლის მიხედვითაც ხელფასების ზრდის ვალდებულება არა ყველა დამსაქმებელს, არამედ მხოლოდ მსხვილ, რვანიშნა ან ცხრანიშნა მოგებაზე მყოფ კომპანიებს დაეკისრებათ.

საქართველოში მართლაც არის კომპანიები და ბიზნესები, რომელთა წლიური წმინდა მოგება ცხრანიშნა რიცხვით გამოისახება და ხელფასების თუნდაც მნიშვნელოვანი ზრდა, მათ გაკოტრებას არ გამოიწვევს.

მაგალითად, ავიღოთ საბანკო სექტორი. 2021 წელი საბანკო სექტორმა წელი 2 მლრდ ლარიანი წმინდა მოგებით დაასრულა, საიდანაც ორმა უდიდესმა ბანკმა მოგების სახით 1 მილიარდ 770 მილიონი თითქმის თანაბრად გადაინაწილა. თიბისი ბანკს თითოეული თანამშრომლისთვის თვეში 1000 ლარით მეტი(ხელზე ასაღები) რომ გადაეხადა, 815 მლნ-ის წმინდა მოგება მაინც დარჩებოდა, საქართველოს ბანკს კი 735 მლნ-ის წმინდა მოგება.

კიდევ ერთი მაგალითი – ავტოგასამართი სადგურები. კონკურენციის სააგენტოს კვლევით, რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე 2022 წლის ივნის-ივლისში მოგების მარჟა 78 თეთრს აღწევდა, სხვა ქვეყნებიდან უფრო ნაკლებს. საშუალოდ 50 თეთრზე დაანგარიშებითაც კი, ნავთობიმპორტიორების წმინდა მოგება მიმდინარე წელს 700 მლნ ლარს გადააჭარბებს. მიუხედავად ამისა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი ხელფასი სწორედ ავტოგასამართ სადგურებზეა – სამ დღეში ერთხელ, უკეთეს შემთხვევაში ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა თვის ბოლოს 350-500 ლარით ფასდება.

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ პრობლემებს, რომლებიც სამუშაო ბაზარზეა, მინიმალური ხელფასის ფიქსირება ვერ მოაგვარებს. მისი თქმით, ეს ცუდი იდეაა მათ შორის დიდ კომპანიებთან მიმართებაშიც.

როგორც სოციალური გამოკითხვების, ასევე ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა.
2022 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობამ 19.4% შეადგინა, მეორეში 18.1%


ეშელიძის აზრით, საქართველოში დაბალი ხელფასების უმთავრესი მიზეზი ეკონომიკის სიმცირეა და არა ის, რომ მინიმალური ხელფასის არ არის დაწესებული.

“მაგალითად, თუკი დღეს არაოფიციალურ მინიმალურ ხელფასად შეიძლება 300-350 ლარი ჩაითვალოს, სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, ვითარება ისე შეიცვლება, რომ დამსაქმებელს გაუჭირდება ისეთი კადრის მოძიება, რომელიც სრულ განაკვეთზე თუნდაც დაბალკვალიფიციურ სამუშაოს 1000 ლარზე ნაკლებად შეასრულებს” – ამბობს ის.

მისი განმარტებით, საქართველოში ბევრი ადამიანი შეთავაზებულ სამსახურზე უარს ამბობს დაურეგისტრირებელი შემოსავლის გამო და არა იმის გამო, რომ მინიმალური ხელფასი არ არის.

“ეს შემოსავალი შეიძლება იყოს ბინის გაქირავება, ბაზრობებზე ან ე.წ. „სტაიანშიკად“ მუშაობა”.

შეშელიძის თქმით, უმუშევრობის პრობლემას ვერ მოაგვარებს სოციალური შემწეობის მიმღები პირების საჯარო სამსახურებში ხელოვნური დასაქმება. ხელფასს ბაზარი არეგულირებს – თუ რომელიმე კომპანიას სურს კადრების აყვანა, მაშინ მან შესაბამისი ხელფასიც უნდა გადაუხადოს, რაზეც არის ბაზარზე მოთხოვნა. ქართული კანონმდებლობით, ბიზნესებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლად დასაქმებაც შეუძლიათ.

საქართველოში ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით 1210 ლარია. საქსტატმა საშუალოსთან ერთად ოქტომბერში მედიანური ხელფასიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოჩნდა, რომ 2021 წელს დასაქმებულთა უმრავლესობის ხელზე ასაღები ხელფასი საშუალოზე 315 ლარით ნაკლები იყო და 705 ლარს შეადგენდა.

განსხვავებული არგუმენტები აქვს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს, რომელიც მინიმალური ხელფასის კანონის მიღებას აუცილებლად მიიჩნევს.

მისი თქმით, ადეკვატური სახელფასო მინიმუმი უმუშევრობას შეამცირებს და ასევე ბიუჯეტსაც წაადგება.

პეტრიაშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არ არის, ბიუჯეტიც ბევრ ფულს კარგავს. მაგალითად, მისი თქმით, ქვეყანაში 130 ათასი ადამიანი ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებს, რაც ფიქციაა.

“ეს ხომ სინამდვილეში გარიგებაა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. დასაქმებული მცირე თანხას დარიცხვით იღებს, დანარჩენს კი ხელზე, საიდანაც საშემოსავლო არ იქვითება და ბიუჯეტი ზარალდება,” – ამბობს პეტრიაშვილი. მისი გამოთვლით, იმის გამო, რომ ადამიანებს ერთი ხელფასი აქვთ გაფორმებული, ხოლო სხვას იღებენ, ბიუჯეტი წლიურად დაახლოებით 120-130 მლნ ლარს კარგავს.

რა განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას?

ხელფასის ოდენობას სახელმწიფო მხოლოდ საჯარო სექტორში განსაზღვრავს. რამდენად სამართლიანად, რთული სათქმელია.

ვის უნდა ჰქონდეს უფრო მეტი ანაზღაურება სკოლის მასწავლებელს თუ მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს? ავტობუსის მძღოლს თუ მეტროს მემანქანეს? რა უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული – სამუშაოს სირთულე, რისკის ზომა თუ შესრულებული სამუშაოს ღირებულება? ამ კითხვებზე კამათი დაუსრულებლად შეიძლება.

ზოგადად, დასაქმებულთა დიდი ნაწილი ხელფასით უკმაყოფილოა, მაგრამ შესაძლებელია თუ არა მათი პრობლემების მოგვარება საპარლამენტო დარბაზში კენჭისყრით?

თუ მარტივად ვიტყვით, რომ ხელფასის ოდენობას მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს, თავად მოთხოვნა-მიწოდებაზე რა ახდენს გავლენას?

ფეხბურთის ვარსკვლავების ანაზღაურება წლიურად 30-40 მლნ დოლარს აჭარბებს, შახტში დასაქმებულის კი 10 ათასჯერ ნაკლებს. მოგება ფეხბურთთან ერთად წიაღისეულსაც მოაქვს, მაგრამ მესისა და რონალდუს დონეზე თამაში ერთეულებს შეუძლიათ, შახტში მუშაობა ჯანმრთელობის გაწირვისა და სიცოცხლის გაღების რისკის ფასად – ბევრს.

რა არის მეტად საჭირო ადამიანისთვის წიაღისეული თუ სპორტული სანახაობა? ამ კითხვაზე თითქოს პასუხი ნათელია, მაგრამ პასუხს ამ შემთხვევაში ხელფასის ოდენობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის არსებობისთვის პური უფრო საჭიროა, ვიდრე ოქრო, 5 გრამი ოქრო, მთელი წლის სამყოფი პურის საფასურია.

სხვა მაგალითიც – მესის მსგავსად, კვანტური ფიზიკის პრობლემების გადაჭრაც ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია, მაგრამ მათი ანაზღაურება ათობით მლნ დოლარს ნამდვილად არ შეადგენს. სამეცნიერო კვლევიდან სამომხმარებლო პროდუქციის გამოშვებამდე წლები, ზოგჯერ ათწლეულებია საჭირო. ხელფასებს შორის ასეთი გადანაწილება შეიძლება არც ისე სამართლიანია, მაგრამ რეალობა ასეთია.

პორტალ NUMBEO-ს ცნობით გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი 2020 წელს შვეიცარიის მოქალაქეებს ჰქონდათ თვეში – $5933, მეორე ადგილზე $4245-ით სინგაპურია, სამეულს $4073-ით ავსტრალია ასრულებს. ნეპალში, ვენესუელაში, პაკისტანსა და ნიგერიაში კი საშუალო ხელფასი $200-ზე ნაკლებია. საქართველო კვლევაში არ შესულა. საქსტატის ცნობით 2020 წელს საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი 935 ლარს შეადგენდა, რაც იმდროინდელი კურსით $290-ს უდრიდა.


Print