გაუფასურებული ლარი და გაძვირებული პროდუქტები - ომის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
FaceBook
უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოში ლარის გაუფასურების და პირველად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და რას უნდა ველოდეთ ამ მიმართულებით მომდევნო დღეების განმავლობაში? - ამ საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" ფინანსისტი და ეკონომიკის ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი ესაუბრა.

ის ამბობს, რომ ბოლოდროინდელი პანიკა პროდუქტებზე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურება, ომის მხოლოდ მოკლეხნიანი კრიზისია, რაც მომდევნო თვეებში დასტაბილურდება.

"მოკლე ვადაში იქნება უარყოფითი გავლენა, იქნება ზიანი ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ ეს არ მგონია კატასტროფული ზიანი იყოს. მაგალითად, ის რომ დეფიციტი გვაქვს პროდუქტებზე, ეს გამართლებული არ არის, იმიტომ რომ უკრაინა და რუსეთი არ არიან ერთადერთი მომწოდებლები ამ პროდუქტების, შეგვიძლია ეს სხვა წყაროებიდანაც მივიღოთ და ისედაც ამ პროდუქტებზე მარაგი ჯერ გვაქვს", - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ბედინეიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, რადგან ეროვნული ვალუტის რყევა გამოწვეულია არამხოლოდ ომით, არამედ, თურქეთში ლირის ვარდნით და ამ ყველაფერთან მიმართებით ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

"ლარის გაუფასურება უნდა განვიხილოთ 10 წლიან ჭრილში. რაც "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში ლარი მკვეთრად გაუფასურდა, მოკლევადიან რყევებს რომ თავი დავანებოთ. რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ჩვენი ეროვნული ვალუტა 1. 65-დან გაუფასურდა 3,45-მდე და ამაში მთავარი დამნაშავე ეს გუნდია. ეს არის "ქართული ოცნების" აბსოლუტურად სულელური და არასწორი ეკონომიკურ პოლიტიკის შედეგი", - განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.

ის რომ, ომმა უკვე მოახდინა გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ამაზე ეკონომიკის სამინისტროშიც საუბრობენ, თუმცა, ვერ სახავენ კონკრეტულ გზებს, როგორ უნდა გაუმკლავდეს ხელისუფლება ამ გამოწვევებს.

"ეკონომიკა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მთელ მსოფლიოში, გადამდები ეფექტის მქონეა ომი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის აისახება რეგიონის ქვეყნებზე... ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და გარკვეული რესურსები საქართველომ მიიღოს ამ კუთხით ", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

საქართველოში 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.22 ლარი გახდა.

უკრაინაში 21 დღეა ომია. უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს ამერიკამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.


Print