ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტს
FaceBook
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთში უშაობას წყვეტს მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი.

კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელი ხალხის სწრაფვას, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და თავად განსაზღვროს მომავალი.

ExxonMobil-ი გმობს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს, რაც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის ხალხს. კომპანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს მტკიცე საერთაშორისო რეაქციას და ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვალდებულებებს.

ExxonMobil-ი, რომელიც იაპონიის, ინდოეთის და რუსეთის კომპანიების საერთაშორისო კონსორციუმის სახელით მართავდა პროექტს „სახალინ 1“, რუსეთში საქმიანობას წყვეტს, პროექტიდან გადის და რუსეთში ახალ ინვესტიციებს არ განახორციელებს.

მანამდე, რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ორმა უმსხვილესმა ენერგოკომპანიამ  BP-მ და Shell-მა.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების შედეგად, რუსული კომპანიები მილიარდობით დოლარს კარგავენ. გაუფასურდა რუსული რუბლი.


უკრაინა უკვე ერთი კვირაა აგრესორი რუსეთის თავდასხმებს იგერიებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, კიევს.



წყარო: რადიო თავისუფლება


Print