დაპაუზებული ბიზნესი ,,რესტარტის“ მოლოდინში
FaceBook

ქუთაისში შეჩერებული სამომხმარებლო ბიზნესი ყოველდღიურად დიდ დარტყმებს იღებს.


ნოლზე დასული მოგების ფონზე ბიზნესობიექტების მეპატრონეები ფიქრობენ, რომ მთავარი კრიზისი კორონავირუსის დასრულების შემდეგ დაიწყება.

პანდემიის შეკავების გამო დაწესებული ზომები ქალაქში მძიმედ აისახა რესტორნებზე, კაფე-ბარებზე, სასტუმროებსა და ჰოსტელებზე.  ხსენებული ობიექტები ნახევარი დატვირთვითაც ვეღარ მუშაობენ.  ,,დაპაუზებული“ ბიზნესის გადასარჩენად კი მეპატრონეებისთვის ყოველი დღე ახალი გამოწვევაა.

მარიკა თვარაძე ქუთაისში კაფე-ბარ ,,დები“ - ს მფლობელია. ეს ბიზნესი მან ორ დასთან ერთ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ყველაფერი წარმატებულად მიდიოდა, კაფეს სტუმარი არ აკლდა და ტურისტული სეზონისთვისაც აქტიურად ემზადებოდნენ. თუმცა წარმატებული სტარტის მიუხედავად, პანდემიურმა პერიოდმა მათი ბიზნესი შეაჩერა.

,,საგანგებო მდგომარეობის  გამოცხადებამდე 1 კვირით ადრე დავიკეტეთ, საკმაოდ რთული და საშიში იყო მუშაობა, რადგან აეროპორტის შემდეგ ჩვენთან ხვდებოდნენ უცხოელი სტუმრები. ძალიან დავზარალდით და ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ახლა ფაქტიურად მინუსიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა სრულიად სხვა გარემოში, სადაც ტურისტული სეზონი ფაქტიურად არ იქნება,“ - მარიკა თვარაძე ამავდროულად გვიყვება, რომ ალტერნატივად არ განიხილავენ ადგილზე მიტანის სერვისს, მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო. 

ანალოგიურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობენ კაფე-ბარ ,,ფოე-ფოეში".

როგორც კაფე-ბარის მეპატრონე მამუკა მღვდელაძე ამბობს, მზა პროდუქციის შინ მიწოდების სერვისის დანერგვაც სცადეს, თუმცა არ გაამართლა.

,,იქნებ ვინმეს კი მოენატრა პიცა, მაგრამ კორონავირუსით შეშინებულ ადამიანებს სხვაგან მომზადებული პროდუქტის მირთმევა არ სურთ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეგვიკვეთა, ამის გამო კი კაფეს ვერ გააღებ, რადგან ხელფასი უნდა გასცე, გადასახადები დაფარო,“ - ამბობს მამუკა. მისივე თქმით, ყველაზე მთავარი პრობლემა არა დაპაუზება, არამედ შემდგომი პერიოდია, რადგან ამ დროისთვის ბიზნესს ხელახლა წამოსაწყებად,  სასტარტო თანხის მოძიება დასჭირდბა.

,,ყველა კაფემ განაშთა პროდუქტები რაც მომარაგებული ჰქონდათ. აღარ არის მარაგები და ზუსტად ამიტომ იზარალა მომსახურების ბიზნესმა ყველაზე მეტად. თანხა რომელიც მუდმივად უნდა ბრუნავდეს გაქრა. ამოლია დანაზოგიც. ამიტომ ყველას ერთად ექნება ფინანსური პრობლემა. ეს იმას ნიშნავს რომ თავიდან უნდა დაიწყო და ააწყო ბიზნესი. ასე ვთქვათ დაარესტარტო,“ - აცხადებს მღვდელაძე, რომელიც ამავდროულად პანდემიის შემდგომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიუთითებს.

,,ვიმედოვნებ მთავრობა ანტიკრიზისული გეგმით დაგვეხმარება პოსტკორონულ პერიოდში დავუბრნდეთ სამუშაოს,“ - ანალოგიური მოლოდინი აქვს ბარ-რესტორან ,,პალატი“ - ს მეპატრონეს ,სადაც 16 მარტიდან მუშაობა სრულად გაჩერდა. დროებით დაითხოვეს თანამშრომლები. ასევე გაუქმდა მარტში აპრილში და მაისში დაგეგმილი თითქმის ყველა ჯავშანი.

,,მიმდინარე ვალდებულებები ბანკებთან, მომწოდებლებთან და საშემოსავლო გადასახადები დაგვრჩა გაყინული. თუმცა ჩვენს მომხმარებლებს საშუალება აქვთ  შეიძინონ ჩვენი მომსახურება დღეს  ფასდაკლებით და ისარგებლონ როდესაც ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ეს შესაძლოა მცირედით დაგვეხმაროს დავფაროთ მინიმალური საოპერაციო ხარჯები,“ - მისივე თქმით, გარკვეული პერიოდით მიტანის სერვისი აამოქმედეს, თუმცა ავტომობილით გადაადგილების აკრძალვამ აქაც დააბრკოლა ბიზნესი.

,,თანამშრომლები ვერ მოგვყავს ობიექტამდე, თითქოს დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობას ვეწევით, მაგრამ გადაადგილებაზე საშვის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია, ყველა ინსტანცია ვისაც მივმართეთ ან არ პასუხობს ან სხვაგან გვამისამართებს,“ - ამბობს პალატის მეპატრონე ზურა ფარჯანაძე. რომელიც თვლის რომ მთავარი კრიზისი  პანდემიის დასრულების შემდეგ დაიწყება, რადგან სხვების მსგავსად, მასაც  პრაქტიკულად ნულიდან მოუწევს ბიზნესის აწყობა.

,,იქნებ მოხერხდეს ჩვენი ტიპის ორგანიზაციებზე დამატებითი ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების გრძელვადიანი გადავადება, მინიმუმ 6 თვე და შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე.“

დაპაუზებული სარესტორნო ბიზნესი ადგილობრივ მომხმარებელთან ერთად ტურიზმზეა დამოკიდებული.  თუმცა ბიზნესის მსგავსად, არც ტურისტულ სექტორში აქვთ საიმედო პროგნოზები. 

,,ჩვენი სააგენტო ორმგად დაზარალდა ერთი ნაწილი გამყვან ტურიზმს ეხება, მაშინ როცა დაგეგმილი გვქონდა ტურები საზღვარგარეთ და პანდემიის გამო ჩაიშალა, ხოლო გადახდილი თანხები დაკარგული დაგვრჩა , მეორე ნაწილი ზარალის ეხება შემომავალ ტურებს აქ უფრო მძიმე სიტუაციაა უამრავი დაგეგმილი ტური ჩაგვეშალა და ზარალის დათვლაზე რომ მივდგეთ ძალიან დიდი თანხებზეა საუბარი,“ - ამბობს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი. მისივე თქმით ტურისტული სექტორის ხელახლა გაცოცხლება რეალური გათვლებით მომდევნო წლის მარტშია მოსალოდნელი.

ტურისტებისთვის მზადყოფნაში ჰოსტელი გაურკვეველი ვადით დაკეტა ქუთაისში მცხოვრებმა თამარ ტოფაძემ. როგორც ამბობს, ამ საოჯახო ბიზნესი მისი ერთადერთი შემოსავალი გახლდათ, ახლა კი კორონავირუსის დამარცხებამდე თავი დაზოგილი თანხით უნდა გაიტანოს.

,,ყველა შინ ვრჩებით და სასტუმროში ვინ მოვა? ალბათ კარგა ხანს იქნება ასე, კორონას გადავლის მერეც. იმედია ჩემისთანა ადამიანებისთვის სახელმწიფო დაავალდებულებს ბანკებს შეღავათიანი სესხებით გვასარგებლოს, იმისთვის რომ ერთად გადავრჩეთ და გადავარჩინოთ საკუთარი ბიზნესიც," - ამბობს ჰოსტელის მეპატრონე.

ბიზნესის გადარჩენის მცდელობასთან ერთად, ქვეყანაში თამარივით ყველა  ორ რამეს ელოდება: პანდემიური პერიოდის დასრულებას და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ასევე ეტაპობრივად დაიწყო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, რესტორნები და კვების ობიექტები 22 ივნისიდან გაიხსნება.

Print