ქუთაისის მერია შემოსავლების ზრდას გარევაჭრობის გაზრდილი მოსაკრებლით გეგმავს
FaceBook
ქუთაისში ტროტუარებზე გარევაჭრობის ყოველთვიური მოსაკრებელი 7-დან 30 ლარამდე გაიზარდა. მერიაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეებმა ტარიფის გაზრდა უმტკივნეულოდ მიიღო, ხოლო ქალაქი ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკურ სარეგებელს მიიღებს.

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მწვანე მარკეტის წარმომადგენელი, თენგო ალბორიშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ჩამოსასხმელი ნაყინის აპარატის განთავსებისთვის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში ყოველთვიურად 20 ლარს იხდიან. მისივე განმარტებით მანამდე მოსაკრებლის თანხა ნაკლებს შეადგენდა.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის განდაწყვეტილებით, გარევაჭრობის მოსაკრებელი მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიგარდა. მას შემდეგ, მოქალაქეებს, ვისაც ქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განხორციელება სურთ, ადგილობრივ ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით ყოველთვიურად 20-დან 30 ლარამდე თანხის გადახდა უწევთ.
ქუთაისის ადგილობრივი მთავრობა განმარტავს, რომ მოსაკრებელზე საფასურის გაზრდამ ქალაქს ეკონომიკური ეფექტი მოუტანა. ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის განცხადებით, მერიის ინიციტიავა მოსახლებამ უმტკივნეულოდ მიიღო და მას უკმაყოფილება არ მოჰყოლია.
"ეს არაა იძულებითი ფორმა. ეს პროცესი ისე უმტკივნეულოდ წავიდა, რომ მოქალაქეებს პროტესტის გრძნობა არ გაჩენიათ ამ გაძვირებაზე. ეს ბადებს იმ აზრს, რომ მანამდე მათ მიერ გადახდილი თანხები სადღაც მიდიოდა. თუმცა, ბიუჯეტში უფრო ნაკლები შედიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღაც მაინც გამოთქვამდა პროტესტს," - აღნიშნავს კოტე ქავთარაძე, ქუთაისის ვიცე-მერი.
ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტში არაკლასიფიცირებული ადგილობრივი მოსაკრებლიდან შემოსავლები დადგეგმილს გადააჭარბებს. თუმცა, ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა გაზრდილმა მოსაკრებელმა მეწარმეთა ბიზნესაქტივობაზე ნეგატიურად იმოქმედოს.
"ქალაქის ბიუჯეტი მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ შემოსავლების ზრდა მოხდება. მეორეს მხრივ, გარევაჭრობაში ჩართულ სუბიექტებზე მოსაკრებლის გაზრდა ნეგატიურად აისახება. თუმცა, მოსაკრებლის მოცულობა არ არის იმდენად დიდი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბიზნესაქტიურობასა და სოციალურ სტაბილურობაზე," - ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი ალეკო ოყრეშიძე.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქუთაისის მერიამ 26 ადგილზე ნაყინის დანადგარის დადგმისთვის ნებართვა 22-ჯერ გასცა. შარშანდელი მონაცემებით კი ნებართვა მხოლოდ ივლისსა და აგვისტოს თვეში გაიცა.
2013 წლის ბიუჯეტის ფაქტით არაკლასიფიცურებული ადგილობრივი მოსაკრებლიდან შემოსავლებმა 67 800 ლარი შეადგინეს.
2014 წლის ბიუჯეტში ამ მუხლიდან დადგეგმილი იყო 70 000 ლარის მიღება და თუმცა, მერიაში განმარტავენ, რომ რეალურად, შემოსავლმა 89 700 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტს, არაკლასიფიცურებული ადგილობრივი მოსაკრებლიდან 100 000 ლარის მიღებაა გათვალისიწნებული.

დეა მანაგაძე
Print