“ექსთრა მითი“ - ქუთაისური პროდუქცია საქართველოს მასშტაბით
FaceBook
ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - „დამზადებულია ქუთაისში“, რომლის ფარგლებშიც, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვესაწარმოებს.

ათწლეულების მანძილზე ქუთაისი ინდუსტრიულ ქალაქად ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში ქალაქში საკავშირო მნიშვნელობის 20-მდე მსხვილი ქარხანა და ფაბრიკა მოქმედებდა, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარ არსებობს, გაჩნდნენ ახალი საწარმოები.

ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ბრენდია, თუმცა საზოგადოებამ, შესაძლოა არ იცოდეს, რომ მათი პროდუქცია ქუთაისში მზადდება.

მორიგი საწარმო, რომელსაც ქუთაისიპოსტი რუბრიკა "დამზადებულია ქუთაისში" ფარგლებში გაგაცნობთ, შპს „ექსთრამითი“ გახლავთ.


***
„რაც მეტი Meat უკეთესი“ - ასეთია იმ კომპანიის სლოგანი, რომლის პროდუქციაც მთელ საქართველოშია პოპულარული. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ „ექსტრა მითი“ ხორცპროდუქტებს 2010 წლიდან ქუთაისში აწარმოებს.

თავდაპირველად კომპანიას „ეკო მითი“ ერქვა. 2013 წლიდან, რაც კანონმდებლობით დასახელება „ეკოს“ გამოყენება აიკრძალა, „ექსტრა მითი“ დაერქვა.
მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიგა ჩხობაძე იხსენებს, რომ დასაწყისში საწარმოს სიმძლავრეები ახლანდელს 10-ჯერ ჩამორჩებოდა, მცირე იყო დასაქმებულთა რაოდენობაც. დღეისათვის კი კომპანიას 180-მდე თანამშრომელი ჰყავს.



„ექსტრა მითისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა 2015 წელი. სწორედ, ამ დროიდან საწარმოს ნახევარფაბრიკატების ახალი საწარმოო ხაზი დაემატა და ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერთიფიკატი, HACCP 9001 და ISO 22 000 დაინერგა.

„ეს არის იმის გარანტი, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ უსაფრთხო და სანდო პროდუქტი. ის მოიცავს ნედლეულის მიღებიდან, დამზადების ეტაპების გავლას და მომხმარებლამდე მიტანის უსაფრთხო გზას,“ - ამბობს გიგა ჩხობაძე.



დღეისათვის კომპანია პროდუქციას სამი მიმართულებით აწარმოებს: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები და თევზის პროდუქტები.

„ექსთრა მითის“ 150-მდე დასახელების პროდუქტი არაგენმოდიფიცირებულია, რაც თითოეული მათგანის ეტიკეტზე GMO ნიშნითაა ასახული. საწარმოში ამაყობენ, რომ ევროპული სტანდარტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშკრულების ხელმოწერამდე დანერგეს, ამიტომ ევროკავშირის მოთხოვნებზე მორგებისთვის დიდი ძალისხმევის გაწევა არ დაჭირდათ.

2018 წლისთვის კომპანია რებრენდინგისთვის და მომხმარებლის წინაშე განსხვავებული იმიჯით წარდგენისთვის ემზადება, რაც განახლებულ პროდუქციას, ეტიკეტირებას და რეკლამას მოიცავს. თუმცა, საწარმოს ხელმძღვანელი ლოგოსა და სავაჭრო ნიშნის ცვლილებასაც არ გამორიცხავს.

მომავალი წლისთვის, რებრენდინგის ფარგლებში, კომპანიის ტერიტორიაზე საფირმო მაღაზიის გახსნაც იგეგმება. თუმცა, საწარმოს დირექტორი, გიგა ჩხობაძე ამბობს, რომ შესაძლოა „ექსტრა მითის“ მაღაზია ქუთაისის ცენტრალურ უბანშიც გაიხსნას.



დაარსების დღიდან კომპანია „ექსტრა მითმა“ სპორტისა და კულტურის მიმართულებით არაერთი პროექტი დააფინანსა. მათ შორისაა მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბი „თეთნულდის“ რამდენიმე ექსპედიციაც. დანარჩენ პროექტებზე კი საწარმოში არ საუბრობენ. თუმცა, კომპანიის დამფუძნებელი, გიგა ჩხობაძე ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა მათი მოვალეობაა.

2015 და 2016 წლებში „ექსტრა მითი“ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქუთაისში საუკეთესო სამრეწველო კომპანიად, „ევროპის ფონდმა“ კი 2015 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოდ დაასახელა.
Print