ადამიანის უფლებები
აბორტის უფლება - კლინიკა ქუთაისში, სადაც აბორტს არ აკეთებენ
FaceBook
კლინიკის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას რელიგიური მოსაზრებითა და მძიმე დემოგრაფიური სურათით ხსნიან



ქუთაისის ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში ორსულობის ნაადრევ, ხელოვნურ შეწყვეტას ანუ აბორტს არ აკეთებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის დამფუძნებლებმა მიიღეს და გასული წლის პირველი სექტემბრიდან აამოქმედეს.

კლინიკაში პირველი სექტემბრიდან ამ დრომდე ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა არ განხორციელებულა. კლინიკის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას რელიგიური მოსაზრებითა და მძიმე დემოგრაფიური სურათით ხსნიან.

„ამ ხნის განმავლოაში მოვახერხეთ არაერთი სიცოცხლის გადარჩენა. გავესაუბრეთ ორსულებს, რომლებიც აბორტის გაკეთებას აპირებდნენ და ბევრ მათგანს გადავაფიქრებინეთ. საქართველოში ისედაც მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემა, ამიტომ ყველა სიცოცლე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის დირექტორის მოადგილემ რობინზონ წინწკალაძემ.

კლინიკაში აზუსტებენ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ორსულობის გაგრძელება ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს ან გარკვეული სოციალური მიზეზები არსებობს, აბორტს აკეთებენ, თუმცა როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დრომდე არც ამის საჭიროება დამდგარა.

სამაგიეროდ კანონი სხვა საჭიროებებზე მიუთითებს. იგი იმ გარემოებების ჩამონათვალს ახდენს, როდის არის აბორტის გაკეთება დაშვებული და როდის მოდის ეს ქმედება კანონთან წინააღმდეგობაში.

„აბორტი არის ქალის უფლება, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ქალმა გაიკეთოს ორსულობიდან 12 კვირის განმავლობაში, რაც შეეხება 12 კვირის შემდეგ პერიოდს აკრძალულია აბორტი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორსულობის გაგრძელებით ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან არსებობს სხვა სოციალური გარემოებები (ეს უკანასკნელი რეგულირებულია კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში)“, - განმარტავს ორგანიზაციის „პარტნორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, იურისტი ანა აბაშიძე.

უფლებებზე საუბრობენ კლინიკაში. მათი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას აქვს უფლება რაღაც სერვისი მიაწოდოს მომხმარებელს და რაღაც სერვისი არა და ეს ვრცელდება აბორტზეც.

თუმცა იმასაც განმარტავენ, რომ: „ჩვენი კლინიკა ერთადერთი რომ იყოს, ან მთიან რეგიონში გახლდეთ, საიდანაც გაუჭირდება წასვლა ორსულს სხვაგან, მაშინ აბორტს ჩვენთანაც გააკეთებდნენ, მაგრამ რადგანაც ქუთაისში არის ბევრი ალტერნატივა და პაციენტებმა ბევრ სხვა კლინიკას შეუძლიათ მიმართონ, ჩვენც ვიტოვებთ უფლებას არ გავაკეთოთ აბორტი“, - აღნიშნავს რობინზონ წინწკალაძე. 

სამაგიეროდ, იურისტები სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებაზე აქცენტირებენ და აბორტის სერვისის არმიწოდებას კანონისა და ადამიანის უფლების დარღვევად მიიჩნევენ.

„იმ შემთხვევაში თუ კლინიკა რელიგიური ან სხვა მოტივებით (არასამართლებრივი) უარს ამბობს აბორტის გაკეთებაზე, ის არღვევს როგორც საექიმო საქმიანობის და პაციენტის უფლებების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებს, ისევე დისკრიმინაციულია ორსული ქალის მიმართ“,- აღნიშნავს ანა აბაშიძე.

აბორტის სერვისის არმიწოდებას დისკრიმინაციულ მოპყრობად არ მიიჩნევს 25 წლის ნათია. „სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია, ამიტომ კლინიკა სწორად იქცევა, როდესაც აბორტს არ აკეთებს“, - მიაჩნია მას.

„სიცოცხლის უფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ, მაინც, მოდი, მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას დავიტოვო თუ არა ნაყოფი და ნუ გააკეთებს არჩევანს კლინიკა ჩემს ნაცვლად“, - მიაჩნია 29 წლის მარინას.

სპეციალისტები, დისკრიმინაციული მოპყრობის აღსაკვეთად პაციენტის მხრიდან სასამართლოში სარჩელით მიმართვის უფლებაზეც საუბრობენ და კანონის დაუმორჩილებლობის შემთვევაში ექიმის პროფესიული საქმიანობის შეწყვეტაზეც.

„ყველა პროფესიონალი, რომელიც სხვადასხვა სფეროში ემსახურება მოქალაქეებს ვალდებულია სერვისი მიაწოდოს სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპების დაცვით და გამორიცხოს გადაწყვეტილებების მიღების დროს ისეთი გრძნობები, რომელიც არ რეგულირდება სამართლით. სხვა შემთხვევაში მას უნდა შეუჩერდეს/ შეუწყდეს პროფესიული საქმიანობა“, - ამბობს ანა აბაშიძე.

კლინიკაში კი აღნიშნავენ, რომ თუკი რომელიმე პაციენტი, აბორტის თაობაზე, სასამართლოს სარჩელით მიმართავს, ისინი მზად არიან სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.

Print