პოლიტიკა
ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახს 10 000 ევრო უანდერძეს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ მეროიანების სოციალურად დაუცველ ხუთსულიან ოჯახს გერმანელმა ქველმოქმედმა 10 000 ევრო აჩუქა.

მეროიანების ოჯახს 2017 წელს გერმანელი როლფ ბარბიანის დატოვებული ანდერძი დღეს ქუთაისში ქართულ-გერმანულ ცენტრში წაუკითხეს. ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.



ანდერძის გასაცნობად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა გარდაცვლილის მეგობარი, გერჰარდ მიულერი.

"260 სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით ქუთაისში. ერთ-ერთ ასეთია მეროიანების ოჯახი. ჩემი მეგობარი, როლფ ბარბიანი რამდენიმე წელი მძიმედ ავადმყოფობდა. 2017 წელს დამირეკა და მითხრა, რომ სურდა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა მეროიანების ოჯახისთვის. მიმიწვია სახლში და თავისი ძმისშვილის თანდასწრებით გამომიცხადა, რომ მეროიანების ოჯახს თავისი მემკვიდრეობიდან, მისი გარდაცვალების შემდგომ, 10 000 ევროს აძლევს", - ამბობს ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, გერჰარდ მიულერი.

მისი თქმით, თანხის განკარგვა ოჯახს თავისი სურვილისამებრ შეუძლია. გარდაცვლილი, როლფ ბარბიანი მეროიანების ოჯახის მეურვე წლები იყო.


გერჰარდ მიულერი გვაჩვენებს თავისი მეგობრის, როლფ ბარბიანის ფოტოს

ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებს გერმანიაში არსებული ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფი ეხმარება. აღნიშნული ორგანიზაცია გერმანიაში შემოწირულობებს აგროვებს. 2006 წლიდან მათ 20 მეურვე ოჯახი ჰყავთ, რომლებიც ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გარკვეულ დახმარებას უწევენ. მეროიანების ოჯახი ერთერთი ამ ოჯახთაგანი იყო და ისინი სხვადასხვა დახმარებას მეურვისგან 2007 წლიდან იღებდნენ.


Print