პოლიტიკა
ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მურთაზ კაპანაძის გადაწყვეტილებით, დეა გოშხეთელიანის ყოფილ მეუღლეს ერთი წლის და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დეა გოშხეთელიანის განმარტებით, ყოფილი მეუღელე მას 3 იანვარს სახლში მიუვარდა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. გოშხეთელიანის მიმართ ძალადობის საქმეზე საქალაქო სასამარლომ ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ყოფილ მეუღლეს პატიმრობა შეუფარდა.

"დეა გოშხეთელიანისა და მისი მამის მიმართ 2018 წლის 3 იანვარს ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოძალადე მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვარს ამავე ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა ყველა სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა, 2018 წლის 8 იანვარს მოძალადემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რაც გამოიხატა სოციალური ქსელის ((Facebook) მეშვეობით მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ორდერის დარღვევის ფაქტი დადასტურებულად და არ შეუფარდა პირს პასუხისმგებლობა.

2018 წლის თებერვლიდან ძალადობისგან დაცვის ღონისძიებების გამოყენება დაიწყო არა დეა გოშხეთელიანის დასაცავად, არამედ მის წინააღმდეგ. 6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი დეას ყოფილი მამამთილის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დეას მხრიდან. ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ მხედველობაში მიიღო დეა გოშხეთელიანის მიერ (Facebook)-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც საუბარი იყო წლების მანძილზე ყოფილი მეუღლის ოჯახის მხრიდან დეას მიერ გადატანილ ძალადობის ფაქტებზე. დეას მიერ გამოქვეყნებული პოსტი პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. აღნიშნული ორდერი საიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ შექმნა სარისკო და მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგო პრეცედენტი, რომლითაც მსხვერპლს გაუმართლებლად შეუზღუდა საჯარო სივრცეში გადატანილ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი და მოსაზრებების დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მსხვერპლის მოძალადედ მიჩნევა, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოსგან უგზავნის მესიჯს, რომ არ უნდა ისაუბრონ მათ მიერ გამოვლილ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა მათ წინააღმდეგ შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი გახდეს", - ნათქვამია საიას მიერ 2018 წლის 19 თებერვალს გავრცელებულ განცხდებაში.

ერთი თვის წინ ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა დეა გოშხეთელიანმა სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების დაცვა სთხოვა. მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდებოდა.

დეა გოშხეთელიანი შიშობადა, რომ ოქტომბერში, როდესაც წინასწარი პატიმრობის ცხრა თვიანი ვადა დასრულდებოდა, ის და მისი ოჯახის წევრები საფრთხის და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. ის შესაბამის უწყებებს სთხოვდა, მომხდარო საქმის დროულად და სამართლიანად გამოიძიება.


Print