ახალი ამბები
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი"
FaceBook
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე შეფასებით, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე და სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს.

„ბოლო თვეებში მატების შემდეგ მსოფლიოში შეინიშნება, COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია. დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და "ომიკრონის" შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

საქართველოში ბოლო თვეებში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ ადგილი აქვს სტაბილიზაციას კლების ტენდენციით ასე მაგალითად, ბოლო კვირაში ქვეყანაში დაფიქსირდა 12 338 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 12 729. ეს კარგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ, ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, ხოლო წინა კვირაში - 8. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1700-1800 COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.06%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. 

სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

თენგიზ ცერცვაძე მოუწოდებს საზოგადოებას, კორონავირუსის სიმპტომების დაფიქსირებისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ "პაქსლოვიდი" ან "რემდესივირი".


Print