კორონავირუსი
იზოლაციის პერიოდი გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის ხუთ დღემდე შემცირდა
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით საიზოლაციო პერიოდი გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის ხუთ დღემდე შემცირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს მსოფლიო პრაქტიკის გადაწყვეტილებით მოხდა.

სამედიცინო სექტორი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახური - ეს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალია, რომლის თანამშრომლებიც კოვიდის დადასტურებიდან მეექვსე დღეს სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საიზოლაციო პერიოდს დაასრულებენ.

"ეს ეხება აუცილებელი სფეროების და სერვისების წარმომადგენლებს. მათთვის შემცირდა ვადა დადასტურებიდან მეექვსე დღეს. ანუ ხუთი დღე სრული. ამის წინაპირობა რა თქმა უნდა არის ის, რომ 24 საათი არ უნდა გქონდეს არანაირი სიმპტომი, მითუმეტეს ტემპერატურა. ანალოგიური პრაქტიკა დამკვიდრებულია უკვე იმ ქვეყნებში, სადაც "ომიკრონის" ტალღა უფრო ადრე მოხდა ვიდრე ჩვენთან", - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 19 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 675 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 418 027 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 178 151 , გარდაიცვალა 15 459 პაციენტი.
Print