კორონავირუსი
მწვანე პასპორტით დაკარგული მომხმარებელი
FaceBook
ხვალიდან, რესტორნები მუშაობას 23:00 საათზე აღარ დაასრულებენ, თუმცა, სარესტორნო ბიზნესისთვის ეს შეღავათი სულაც არ არის, რადგან ასევე ხვალიდან ამოქმედდება ე.წ მწვანე პასპორტი, რაც მათ მომხმარებელთა წრეს ამცირებს.
კანონი, რომელიც ბიზნესისთვის შვება იქნებოდა, აღმოჩნდა, რომ მათთვის არაფრის მომცემია.

ქუთაისის სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოვიდრეგულაციებმა მათზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ე.წ მწვანე პასპორტით  მომხმარებლებს დაკარგავენ.

სარესტორნო ბიზნესი ემორჩილება სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ეს მათთვის წამგებიანია.



ე.წ ,,მწვანე პასპორტი''

ბარ-რესტორან ,,აგერარის'' მენეჯერი ალექსანდრე მშვილდაძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციით კვების ობიექტები მომხმარებლებს მაინც დაკარგავენ, მიუხედავად იმისა რომელ საათამდე ექნებათ მუშაობის უფლება.

,,ღამის ორ და სამ საათამდეც რომ გაგვიხანგრძლივონ სამუშაო დრო, აზრი არ აქვს, მწვანე პასპორტით ძალიან გვზღუდავენ. ქუთაისში ადგილობრივთა დიდი ნაწილი აუცრელია, კანონის მიხედვით, მათ ვერ მივიღებ, არ მგონია ადამიანმა რესტორანში შემოსვლისთვის ყოველდღიურად გაიკეთოს პისიარ ტესტი და თანხა დახარჯოს. შესაბამისად, ძალიან შევიწროვდა ჩვენი მომხმარებლების წრე'',-ამბობს  ალექსანდრე მშვილდაძე.

მისი თქმით, კორონავირუსმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ბიზნესის სექტორს, სახელმწიფო კი ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ კვების ობიექტებს დამატებით რეგულაციას უწესებს.


რესტორან ,,ჰოე-გარდენის'' მენეჯერი ნიკა ბერიშვილი ამბობს, რომ იმ მომხმარებლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ტელეფონში ,,კოვიდპასპორტის'' ჩამოტვირთვას, კოვიდ-ბარათით ან პისიარ ტესტის დოკუმენტითაც მიიღებენ.

,,დამატებითი თათბირი თანამშრომლებთან გვექნება ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს ახალი რეგულაცია ჩვენზე და ზოგადად, ბიზნესზე'',- ამბობს ნიკა ბერიშვილი.

რესტორნის მენეჯერის თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ,,ჰოე გარდენის'' თანამშრომლები ერთ-ერთი პირველები იყვნენ სარესტორნო ბიზნესში, ვინც კოვიდ ვაქცინით აიცრა.

,,ამით ჩვენ მომხმარებლებსაც ვიცავთ და საკუთარ თავსაც''



რესტორან ,,დების'' დამფუძნებელი ეკა შალამბერიძე ამბობს, რომ კანონს დაემორჩილება, თუმცა, რამდენად ავნებს ეს მათ ბიზნესს, ჯერჯერობით ვერ შეაფასებს.

"კორონავირუსმა, რა თქმა უნდა დაგვაზარალა. წაგვართვა ტურისტები, მაგრამ შიდა ტურიზმი წამოიწია და საკმაოდ განვითარდა, რამაც საშუალება მოგვცა მეტი გვემუშავა, მწვანე პასპორტს ჯერ ვერ შევაფასებ, ვნახოთ რა იქნება'',- ამბობს ეკა შალამბერიძე.



ახალი რეგულაციით, მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში, ბიზნესი დაჯარიმდება. რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმეს 2 ათასი, ხოლო იურიდიულ პირს 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

პირველი დეკემბრიდან საქართველოს არავაქცინირირებული მოქალაქეები კვების, გართობისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში ვეღარ შევლენ. ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ე.ეწ. "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.

1 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ "მწვანე სტატუსის" ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

"მწვანე სტატუსის" ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.



ვინ არის "მწვანე სტატუსის" მქონე პირი?

სრულად ვაქცინირებული (ან)

72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის პისიარ ტესტის მქონე (ან)

24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)

კოვიდ გადატანილი

შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული პისიარ ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე

როდის მიენიჭება პირს "მწვანე სტატუსი"?

ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ

პისიარ და ანტიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ

კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

რა არის მწვანე პასპორტი?

CovidPass Georgia – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან) moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან) საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან) ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით ( EU Digital COVID Certificate სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანაა)

საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტექტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) CovidPass Georgia – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია? Covidpass Georgia აპლიკაციის QR წამკითხველით ან moh.gov.ge QR წამკითხველით წამკითხველის

გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის.

რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და დოკუმენტის N-ს აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება „მწვანე სტატუსს“ .


ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?

144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი

1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი

1522 -ვაქცინაცცის ცხელი ხაზი

0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი


Print