კორონავირუსი
კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი აგვისტო-სექტემბერში გარდაიცვალა
FaceBook
კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით 8 976 ადამიანი გარდაიცვალა.

რეგიონების მიხედვით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია. კვლევის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, როდესაც მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევაში პაციენტების მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკული იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეფასებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ეფექტური შედეგი აჩვენა. 2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში,  57 სრულად ვაქცინირებული პირი გარდაიცვალა, რაც ამ პერიოდში გარდაცვლილთა 1.04% პროცენტია.

ანგარიშის თანახმად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა სრულად ვაქცინირებული 72 პირის  შემთხვევაში, მათგან მხოლოდ 4 პირი იყო 60 წელზე ნაკლების.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების, როგორც დადასტურების, ისე გარდაცვალების შემთხვევებში, ქალები ჭარბობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლით, ინფიცირებულთა 57% ქალია, ხოლო 43% კაცი.

გარდაცვლილთა შორის ასაკობრივი განაწილების მიხედვით, გარდაცვალების ყველაზე მეტი -  18.05%  80-84 წლის ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა.



Print