ახალი ამბები
იმუნიზაციის საბჭომ ვაქცინასთან დაკავშირებული ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
FaceBook
"ფაიზერის" ვაქცინით აცრა 12 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამ დრომდე, საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი.

საკორდინაციო საბჭომ ასევე, მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთებას 50 წლის ზემოთ ადამიანებში, ასევე ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებში.

"საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე, ნებისმიერ ასაკის პირებში, რომელთაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება. ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ამ დროისთვის ოთხი ვაქცინაა ხელმისაწმდომი: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი.

პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ. ქუთაისში, ასევე, ხელმისაწვდომია მოძრავი პუნქტი, სადაც აცრის გაკეთებაა შესაძლებელი. სპეციალური ავტობუსი მასობრივი თავშეყრის ადგილებზე ჩერდება.
Print