ახალი ამბები
ჯანმო-ს მეცნიერები - “ბუსტერ” დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საჭირო არაა
FaceBook
კორონავირუსის დამატებითი, ე.წ. “ბუსტერ” დოზით მთელი მოსახლეობის აცრა საჭირო არ არის
ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერების ერთობლივ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერების განმარტებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო.

“ბუსტერ” დოზასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს ადეკვატურად კონტროლირებადი კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური მონაცემების ზუსტ ანალიზზე, ან ორივეზე. არსებული მტკიცებულებები არ აჩვენებს, რომ საჭიროა „ბუსტერ“ დოზის მთელ მოსახლეობაში გამოყენება,“- ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის, როგორიცაა სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები, დამატებითი დოზა, შესაძლოა, სასარგებლო იყოს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს „ბუსტერ“ დოზის უფრო ფართოდ გამოყენება, თუ დამტკიცდება, რომ პირველადი ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი იმუნიტეტი მცირდება, ან თუ გაჩნდა ახალი ვარიანტები, რომლებიც ხელს უშლიან ვაქცინას, ვირუსის წინააღმდეგ იმოქმედოს.

შეგახსენებთ, ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ისრაელმა, მოსახლეობაში „ბუსტერ“ დოზის ფართოდ გამოყენება დაიწყო. შეერთებული შტატები კი სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის დამატებითი დოზის შეთავაზებას მომავალი კვირიდან გეგმავს.
Print