კორონავირუსი
,,ფაიზერზე'' თავისუფალი ჯავშნები ძირითადად რეგიონებშია'' - ამირან გამყრელიძე
FaceBook
"ფაიზერის'' ვაქცინისთვის სარეგისტრაციო პორტალზე დარჩენილი თავისუფალი ჯავშნების დიდი ნაწილი რეგიონებშია.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საოზგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით 161 000 ჯავშანი "ფაიზერზე". აქედან, დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი. ამ 153 000-დან 141 000 გახლავთ პირველად აცრაზე, ხოლო 12 000-მდე არის მეორე აცრაზე, ანუ ვინც წინა კვირაში იცრებოდა. ყველა მათგანს დაეჯავშნა მეორე დოზაზე'',- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება, დაემატება ამცრელი ბრიგადები და ვაქცინაციისთვის შესაბამისი დაწესებულებები.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით თანდათანობით გაიზრდება, დაემატება ამცრელი ბრიგადები, ასევე დაწესებულებები, განსაკუთრებით თბილისში, რადგან აქტივობის 60-70% მოდის თბილისზე. გასულ საბჭოზე პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაიშალოს გეოგრაფიული არეალი. იგივე მოლები, აფთიაქებზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ მოლებზე გიდასტურებთ, რომ არის საუბარი. ერთი მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია განთავსებული. მოგეხსენებათ, "ფაიზერის" დოზები ამ ეტაპზე საკმარისია.

კიდევ, დამატებით პირველი აცრისთვის ნახევარი მილიონი რომ მივიღეთ, ის ორად გაიყო. ანუ, 250 000 შენახულია, რათა უკვე 15 აგვისტოდან მეორე ინექციები დაიწყოს. ეს ჯავშნები, რაც ახლა მიმდინარეობს, 14 აგვისტოს ჩათვლითაა. "ფაიზერის" პირველ დოზაზე ქვეყანაში დაახლოებით 100 000 მარაგი გვაქვს და კიდევ თანდათანობით შემოვა. მომავალ კვირაში ლიმიტირებული, მაგრამ გარკვეული რაოდენობა გამოჩნდება",- განაცხადა გამყრელიძემ.

მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქსა და 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 120-მდე ბრიგადა.

"ფაიზერის" პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს განახლდა და სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია შესაძლებელი იყო 16 წლის და ზემოთ ასაკის, ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა იმ პირისთვისაც, რომელმაც კოვიდინფექცია გადაიტანა.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან საქართველოში "ფაიზერის" მორიგ პარტიას ელოდებიან.
Print