ახალი ამბები
"ფაიზერის'' ვაქცინა საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა
FaceBook
ქვეყანაში უახლოეს დღეებში "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით,  მოსახლეობას ექნება საშუალება, ამ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია.

თამარ გაბუნია მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

"ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამდენად, მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე. დღეს ქვეყანაში უკვე მობილიზებულია მილიონი დოზა "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინის.

ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ თავიდან ავიცილოთ. ასევე უახლოეს დღეებში შემოვა "ფაიზერის" ვაქცინა და ექნება მოსახლეობას საშუალება, რომ "ფაიზერის" ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია. თუმცა დღეს არსებული ყველა ვაქცინის - "სინოფარმის", "სინოვაკის" ეფექტურობა დადასტურებულია. თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად, მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა.
Print