ახალი ამბები
"ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს"
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯამში 1 მლნ დოზა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა და ვაქცინაციის პროცეში მომავალი კვირიდან ჩაერთვება.
რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცნობილია ისიც, როდის შემოვა ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა ზუსტ თარიღს გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო არ ასახელებს.

„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკების საფუძველზე, რაც გულისხმობს გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩვენ უფლება არ გვაქვს დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. ხოლო იმ მწარმოებლებთან მიმართებით, სადაც კონფიდენციალურობის დაცვა სავალდებულო არაა, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი დოზა ვაქცინა - ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია.

ასევე, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება საქართველოში „ფაიზერი“ და შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში. მილიონი დოზა „ფაიზერი“ შემოვა. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ეს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

ივლისის დასაწყისში ქვეყანა ვაქცინის დამატებით დოზებს ელოდება.





Print