ახალი ამბები
„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
FaceBook
დღეს 12:00საათზე ჩინური ვაქცინით "სინოვაკით" აცრის მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
დარეგისტრირებული პირები აცრას 24 მაისიდან დაიწყებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩინური წარმოების "სინოვაკის" ვაქცინა "სინოფარმის" მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

,,ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. „სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

სამინისტრო ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალს (https://booking.moh.gov.ge/) და რეგისტრაციის ინსტრუქციასაც (https://fb.watch/4c2mI8hKtj/) აქვეყნებს.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
Print