ახალი ამბები
"ფაიზერის'' ვაქცინა სავარაუდოდ ივნის-ივლისში შემოვა - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოში ,,ფაიზერის'' ვაქცინას სავარაუდოდ ივნის-ივლისში შემოიტანენ.
ამის შესახებ საქართველოს პრიემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება იქნება. 

ღარიბაშვილმა "ფაიზერის" ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის სავარაუდო დროც დაასახელა და თქვა, რომ მას ივნის-ივლისში შემოიტანენ.

"ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაქცინების მიღება, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია "ფაიზერის" დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, დაახლოებით, ივნისი-ივლისის თვეში. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება, მეც უშუალოდ ჩართული ვიყავი, "ფაიზერის" პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო ზარი მქონდა. გვაქვს მოლაპარაკება უშუალოდ ჩინური "სინოფარმის" და "სინოვაკის" ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით, "მოდერნასთან", ასევე "ნოვავაქსის" ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, უკვე გვაქვს ხელშეკრულებები მოწერილი და უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დამატებით დოზებს მივიღებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

Print