კორონავირუსი
მთავრობა სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებას გეგმავს
FaceBook
განიხილება სხვადასხვა შეღავათის დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება, თუმცა სისტემა მზადაა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი წესები“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირას, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. „მწვანე პასპორტების“ შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.


Print