ახალი ამბები
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 22 090 ადამიანი აიცრა
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 22 090 ადამიანმა გაიკეთა.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვაქცინაციის პროცესი მზარდია, თუმცა, აღნიშნავენ, რომ არსებული აქტივობა გასაზრდელია.

„ვაქცინაციაზე მიმართვიანობა იზრდება. ჩვენი პროგრამა ძალიან რთულად დაიწყო და გარკვეული დრო დასჭირდა, რომ ტრაგიკული ეპიზოდის შემდეგ ვაქცინაციისადმი ნდობა აღდგენილიყო. ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. განსაკუთრებით თბილისში, სადაც აქტივობის 70% მოდის.

რეგიონებში აქტივობა გასაზრდელია, მაგრამ მოქალაქეების ყოველდღიურად მზარდი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინაციის პროგრამა იმ ჯგუფებში, სადაც ტარდება, ნამდვილად მიზნობრივია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“, -  ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  თამარ გაბუნია.

მისი თქმით, ქვეყანას საკმარისი რაოდენობის ვაქცინა აქვს, თუმცა გარკვეული შეფერხებები ამ მიმართულებით არსებობს.

"AstraZeneca-ს ვაქცინა საკმარისი რაოდენობით გვაქვს. გარკვეული შეფერხებები იქმნება იმის გამო, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ადგილები ლიმიტირებულია.

ყოველდღიურად ემატება ახალი ჰოსპიტლები ახალი ბრიგადებით. გუშინ საღამოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე 6 ბრიგადა დაემატა და ასევე რამდენიმე საავადმყოფო კვირის ბოლომდე პროგრამაში ჩასართავად ემზადება. დღეს დილიდან გაჩნდა რეგისტრაციის შესაძლებლობა და 15 აპრილიდან ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს“, - ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოში კოვიდვაქცინაცია  15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში მედეპერსონალი უნდა ჩართულიყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო, 65 + ასაკის ადამიანებისთვისაც გახდა აცრა ხელიმისაწვდომი. დღეის მდგომარეობით აცრა შეუძლიათ: ჯანდაცვის მუშაკებს, 55 წლის და უფროს ადამიანებს, დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებსაც.
Print