ახალი ამბები
ვაქცინაციაში, შესაძლოა, ახალი ასაკობრივი ჯგუფი ჩაერთოს
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, შესაძლოა, 55 წელს ზემოთ ასაკის მქონე პირებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.

ვაქცინაციაში ახალი ასაკობრივი ჯგუფის ჩართვის საკითხს  ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

საბჭო, ასევე, იმსჯელებს სათადარიგო სიების შექმნაზეც.  იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული პირი აცრის გასაკეთებლად სამედიცინო დაწესებულებაში არ გამოცხადდება, სათადარიგო სიებში რეგისტრირებულ ადამიანებს მათი ჩანაცვლება შეეძლებათ. გადაწყვეტილება ვაქცინის დოზების დანაკარგების თავიდან აცილებას ემსახურება.


შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა  საქართველომ 13 მარტს, ხოლო "ფაიზერის'' 29 500 დოზა 25 მარტს  მიიღო. მომავალი კვირიდან სახელმწიფო ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმის" 100 000 დოზას ელოდება.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ხოლო 25 მარტიდან,  65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება აქვთ.
Print