ახალი ამბები
NCDC - აიცრა 4 344 მოქალაქე, ხოლო რიგშია 11 273 პირი
FaceBook
დღეის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რიგში 11 273 მოქალაქე დგას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათის მონაცემებით, აცრილია 4 344 მოქალაქე. მოქალაქეების ნაწილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება, ნაწილი კი „ფაიზერით“.

ინფორმაციისთვის, გუშინ, საღამოს 18:00 საათიდან პორტალი booking.moh.gov.ge გახსნილია როგორც მედიკოსებისთვის, ისე 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, თუმცა, ვაქცინის გაკეთების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით მედდის გარდაცვალების შემდეგ, სამედიცინო პერსონალის ნაწილმა "ასტრაზენეკას" გაკეთებაზე უარი თქვა.

"ფაიზერის" ვაქცინით აცრა 30 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

ვაქცინაციის პროცესში 25 მარტიდან სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

"ფაიზერის" ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისსა და  ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. აცრა სულ შვიდ კლინიკაში ჩატარდება.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ  ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება  ექნებათ.



Print