ახალი ამბები
"ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში"
FaceBook
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
ამის შესახებ იგი სოციალური ქსელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ 16 მარტს  წმინდა სინოდს  ვაქცინაციის პროცესში თანადგომა სთხოვა. 

მისი თქმით, საქართველოს ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, შესაბამისად, მისი გავლენა მოსახლეობის აზრზე მნიშვნელოვანია.



Print