ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა
FaceBook
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინების განაწილება ეტაპობრივად მოხდება დიდ ქალაქებში.

ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.
Print