ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იწყება
FaceBook
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება.

„კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა იმ პირის სია, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს. ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიtანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


რაც შეეხება კვლევაში ჩასართავი პაციენტების ოდენობას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონაცემების სარწმუნოობისთვის 400 კოვიდგადატანილი მოქალაქეც საკმარისია, თუმცა, ის მეტი სანდოობისთვის 500-მდე პაციენტის გამოკვლევას გეგმავს.

„ეს კვლევა, სავარაუდოდ, 3-4 თვე გასტანს. ეს იქნება სრულფასოვანი კვლევა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. თუმცა, პროცესში ეს თანხა შეიძლება შეიცვალოს. კვლევის შედეგად დაიდება რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ პაციენტებს და რა სერვისები სჭირდება. ახლა ასეა - პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულკს ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

5 მარტის მონაცემებით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 022 ტესტი ჩატარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 262-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.




Print