ახალი ამბები
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი ვაქცინის მისაღებად მზადაა
FaceBook
ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრი ვაქცინის მისაღებად მზადაა.
მედიცინის ცენტრი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ვაქცინის პროცესში ჩაერთვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო.

დაწესებულებას აქვს რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადის მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. გარდა ამისა აქვს იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. სამედიცინო დაწესებულება გამოთქვამს მზაობას ყველა დადგენილი მოთხოვნა შეასრულოს და ვაქცინის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს ესტუმრა და ვაქცინის მისაღებად მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო. 

პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება.

ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შეირჩა საავადმყოფოები, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს.

ფაიზერ-ის ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელია განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის, ე.წ ცივი ჯაჭვის კუთხით არსებული მზადყოფნა. მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი - მინუს 70-80 გრადუსი.

საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს ფაიზერ-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ამ ეტაპზე საუბარია 29 250 დოზაზე. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

მონაცემების შეგროვება სპეციალურ პორტალზე დაწყებულია.
Print