ახალი ამბები
"შერჩეულია საავადმყოფოები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები" - ამირან გამყრელიძე
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ვაქცინის ჩასატარებლად კლინიკები შეარჩია.


ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. 

,,შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ეს ვაქცინა, უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება. ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ",
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე ინფორმაციით, თითოეული ბრიგადა, რომელიც აცრებს ჩაატარებს  შედგება 3 ადამიანისგან: ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები. 

კონკრეტულად რომელი კლინიკები შეარჩიეს ქუთაისში ვაქცინაციის ჩასატარებლად ჯერჯერობით უცნობია. ქუთაისიპოსტს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. 

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო არის, ''კოვაქს'' პლატფორმის წევრი და ამ პლატფორმის საშუალებით ქვეყანა მილიონნახევარ ვაქცინას მიიღებს. პირველ ეტაპზე ქვეყანაში Pfizer -ის ვაქცინა შემოვა და ჯერ მედიცინის მუშაკები აიცრებიან.
Print